17 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
პარლამენტში დეპუტატები საკომიტეტო ფორმატში იკრიბებიან - აირჩევენ თავმჯდომარეების მოადგილეებს, პოსტებზე ვაკანტური რჩება ოპოზიციის კვოტა

ვინ შეინარჩუნებს მინისტრის პოსტს - მთავრობის ფორმირების საკითხზე "ქართული ოცნება" კონსულტაციებს აგრძელებს. აქტიური განხილვები სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება.

იქამდე კი პარლამენტი ისევ პროტესტის და აქციის ფონზე აგძელებს მუშაობას. ამჯერად "ქართული ოცნების" დეპუტატები საკომიტეტო ფორმატში იკრიბებიან. სხდომები პირველ საათზე დაიწყება. აირჩევენ თავმჯდომარეების მოადგილეებს და ამ პოსტებზე ვაკანტური იქნება ოპოზიციის კვოტა. დღესვე შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ კომიტეტების დებულებებს. დაგეგმილია 5 კომიტეტის სხდომა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი  არ ელოდება რომ პარლამენტი ერთპარტიულად გააგრძელებს მუშაობას. მისი თქმით, დროთა განმავლობაში მას შეუერთდებიან დეპუტატები ოპოზიციური ფლანგიდან.

"ფეხით მოვედი პარლამენტში, ეგ არის, მეტი არაფერი. ხანდახან მეც მოვალ ხოლმე ავტომობილით, დღეს ფეხით მოსვლა მიხერხდებოდა და მოვედი ფეხით.

დღეს გვაქვს კომიტეტის სხდომა, სადაც დებულებას შევიმუშავებთ, სხვა საორგანიზაცო საკითხებს გადავწყვეტთ, მოადგილეებს ავირჩევთ. ჯერჯერობით, პარლამენტი მრავალპარტიულია, 150 დეპუტატი თავის უფლებამოსილებაშია, უბრალოდ, ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, ამ ეტაპზე. ჩვენ ვიცით, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და შეიძლება მივიღოთ ისეთი სურათი, რომ ნაწილი პარლამენტარებისა შემოვიდეს პარლამენტში.

პროცედურა შემდეგია - თითოეულმა დეპუტატმა ინდივიდუალურად უნდა მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შემდეგ მოხდება განხილვა საპროცედურო კომიტეტში, თავისი პროცედურების მიხედვით და შემდეგ პლენარულ სხდომაზე მოხდება ამის გადაწყვეტა," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემოვლენ  და ვფიქრობ, რომ უნდა შემოვიდნენ. ბიუჯეტი შემოდის და ჩემი მთავარი თემა ყოველთვის იყო ხოლმე დებატები ოპოზიციასთან, გასაგებია, მაგრამ ეს არის რეალობა," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა პაატა კვიჟინაძემ. 

დღის ამბები