პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ISFED-ის მიერ დაშვებულმა შეცდომამ ქვეყანა ლამის გადააყირავა.
წულუკიანის თქმით, თუ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, აუცილებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელი პარლამენტში მივიდეს და გასცეს პასუხი კითხვაზე, რატომ არ დათვალეს სწორად ხმები.
"ISFED - ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც ვითომ, უნებლიეთ დაშვებული ხარვეზით და შეცდომით, არ მჯერა, რომ ეს არის უნებლიეთ გაკეთებული, ლამის გადააყირავა ეს ოკუპირებული ქვეყანა და გაწირა მისი სტაბილურობა.
თუ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ამას ორი ხელით მივესალმები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აქ უნდა მობრძანდეს ქალბატონი ნიჟარაძე, უნდა მობრძანდეს მისი ორგანიზაცია და უნდა ჩატარდეს საპარლამენტო საგამოძიებო პროცესი, პირველ რიგში, სწორედ ამაზე, რატომ არ დათვალეს სწორად, რატომ გამოაცხადეს "ქართული ოცნებისთვის" ნაკლები მაჩვენებელი, ვიდრე ეს რეალობაში იყო და ეს მათივე ორგანიზაციის შიგნით, ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით ჩატარებულმა აიტი აუდიტმა აჩვენა, რომ მათ მოატყუეს საზოგადოება," - განაცხადა თეა წულუკიანმა.