17 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
მოვუწოდებ ყველას, ნუ გავაკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომელიც ჩიხში შეიყვანს დიალოგის პროცესს - გიორგი ვაშაძე

ოპოზიცია "ქართულ ოცნებასთან" დიალოგის მე-5 რაუნდის მოლოდინშია. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ყველა ოპოზიციური პარტია მზადაა, დიალოგის პროცესში ჩაერთოს. 

გიორგი ვაშაძემ მოუწოდა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც მოლაპარაკებების პროცესს ჩიხში შეიყვანს. 

"ველოდებით შემდგომ შეხვედრას. გვექნება კომუნიკაცია ინდივიდუალურადაც დიპლომატიურ კორპუსთან. სიტუაცია ძალიან მძიმეა და ყველას მოვუწოდებ, ნუ გავაკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომელიც უფრო შეიყვანს ჩიხში ამ პროცესს. მოვუწოდებ როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე, თითოეულ ოპოზიციის მხარეს. როგორც ვიცი, ამ ეტაპზე, ყველა ოპოზიციური პარტია მზად არის მოლაპარაკებისთვის. მე ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არ მომისმენია. წინაპირობების დაყენება "ქართული ოცნების" მხრიდან ბოდიშებთან დაკავშირებით და ა.შ, ვფიქრობ, ხელს უშლის ამ პროცესს,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიციაში მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზაობა არის. მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების პარალელურად გაგრძელდება სამოქალაქო პროტესტიც. 

"მთლიანად ოპოზიცია არის მოწადინებული, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. მოლაპარაკებები არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, პარალელურად, გაგრძელდება სამოქალაქო პროტესტი სხვადასხვა ფორმით. ჩვენი ამოცანაა, შიდა და გარე ზეწოლის შედეგად დროზე მოეგოს გონს ივანიშვილი, რომ ამ ვითარების შენარჩუნება, რაც დღესაა და ქართული საზოგადოებისთვის იმის დაძალება, რომ უარი თქვას არჩევნებზე, როგორც ხელისუფლების შეცვლის ლეგიტიმურ მეთოდზე, ვერ მოხდება. როგორც კი მიხვდება, რომ ეს სცენარი მისთვის პერსონალურად საფრთხეს წარმოადგენს, მაშინ გვექნება კარგი შანსი, ამ კრიზისიდან ნაკლები ზიანით გამოსვლის," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები