პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ არსებობს ეჭვი რომ ISFED-მა ჯერ კიდევ ნოემბერში იცოდა პარალელური დათვლის შედეგებში უზუსტობები იყო.
ის ამბობს, რომ საკითხის გარკვევის მიზნით, ISFED-ის ხელმძღვანელთან, ელენე ნიჟარაძესთანაც ჰქონდათ შეხვედრა, თუმცა მან განუცხადა, რომ არანაირი ცდომილება მათ მიერ დათვლილ შედეგებში არ იყო.
"3 ნოემბერს მამუკა მდინარაძეს ჰქონდა ბრიფინგი, სადაც მან პირველად თქვა, რომ პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული ეჭვი და მიმართა ISFED-ს გააკეთონ განმარტება. ჩვენ თქვით, რომ ეს მარტივი არითმეტიკული საკითხია. კიდევ ერთხელ ავხსნი - აიღეთ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები, მათ საიტზე დევს ცხრილი, სადაც მოცემულია ცესკოს მონაცემები, პარალელური დათვლის მონაცემები და სხვაობა, 2.4 %-ით ნაკლებს ამბობდა ISFED ოცნების შემთხვევაში, 0,8% ნაციონალური მოძრაობის და ყველა პარტიას ISFED-ის მონაცემით, უფრო ნაკლები ხმა უნდა ჰქონოდა.
ყველაზე მარტივი არითმეტიკა რაში მდგომარეობს - აიღეთ ეს სხვაობები, დააჯამეთ და გამოდის 3.6%. შემდეგ ნახეთ იქვე დასკვნაში რომ წერია ბათილი ბიულეტენები რამდენი იყო ISFED-ის მონაცემით - 3.5%. ეს იყო პირველი ხელმოსაჭიდი, სადაც დავფიქრდით, რომ ეს ორი რიცხვი ერთმანეთს ჰგავდა და სავარაუდოდ, ეს იყო სწორედ ის შეცდომა, ხარვეზი თუ რაც იყო, რამაც ეს გამოიწვია.
შემდეგ უბრალოდ არითმეტიკულად გამოვაკელით ფორმულაში ბათილი ბიულეტენები, ვიანგარიშეთ 96.5%-ით და ზუსტად დაჯდა ცესკოს მონაცემებთან. ამის შემდეგ, 10-ში ბრიფინგი რომ გავაკეთეთ, ჩვენ კი არ ვამტკიცებდით რამეს, ვთქვით, რომ ჩვენ ამას ვვარაუდობდით, ვინაიდან, რომ გამოვაკელით, ზუსტად დაჯდა და მივმართეთ კიდევ ერთხელ ISFED-ს.
17 ნოემბერს გვქონდა ელენე ნიჟარაძესთან შეხვედრა, ზუსტად ეს ავუხსენით, ყველაფერი დავანახეთ რომ ასეთი ეჭვი გვქონდა. პირდაპირ ვუთხარით, რომ შემთხვევით ხომ არ გაქვთ ბათილი ბიულეტენები მითვლილი და მათი პასუხი პირდაპირ იყო შემდეგი, რომ ჩვენ გადავამოწმეთ და გვითხრა რომ რა სისულელეა, არანაირი ბათილი ბიულეტენები არ მიგვითვლია და მეორე, ჩვენ გადავამოწმეთ და დარწმუნებული ვართ ჩვენი შედეგების სისწორეში. ეს გვითხრა მან პირდაპირ 17 ნოემბერს.
დღეს უკვე ეჭვები ამასთან დაკავშირებით ჩნდება, რომ იცოდნენ ამასთან დაკავშირებით. დღეს ISFED-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნოემბერში მართალია ვიცოდითო, მაგრამ იმიტომ არ ვამბობდით, რომ ჩვენი კომუნიკაციის სტრატეგია გვქონდაო. უყურებდნენ ქვეყანას როგორ აჯანჯღარებდნენ ჩვენი ოპონენტები ამ არგუმენტის მოსმენით და როცა მიდიოდა ამ არგუმენტებით მსჯელობა. ეს ISFED-ის მონაცემი იყო მთავარი არგუმენტი და ამას მშვიდად უყურებდნენ და ფიქრობდნენ, სტრატეგიულად როდის იქნებოდა უფრო კარგი გამოქვეყნება?“ - ამბობს შალვა პაპუაშვილი.