ღია და პირდაპირი მუქარა - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობა" თეა წულუკიანის განცხადებას. ხატია დეკანოიძის თქმით, მიუღებელია განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც მან "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ოჯახზე განხორციელებულ ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით გააკეთა.
"აქტიურად, ხელისუფლება ახალისებს ფარულ მიყურადებას და თვალთვალს, ზუსტად ნიკა გვარამიას ოჯახის, მისი მეუღლის, მისი მცირეწლოვანი შვილების მიმართ. ამას რეჟიმი არც ფარავს. ჩემი სოლიდარობა ნიკას, მის ოჯახს, მის მეუღლეს, მის მცირეწლოვან შვილებს, რომლებიც არიან ზუსტად ამ რეჟიმის სამიზნე, ყოველგვარი საერთაშორისო კონვენციების დარღვევით. ჩვენი სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც იბრძვის იდეისთვის, რომელიც ებრძვის რეჟიმს,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც მის ოჯახზე განხორციელებულ ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით გააკეთა.
"ძნელია თურმე ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ? მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ თუ რატომ არის გაღიზიანებული. მისი პერფორმანსები, ბოლო დროის თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, მისი ისტერიკა, სხვა სიტყვა არ შეეფერება, არის ყოფილი, სამწუხაროდ, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე,“ - აცხადებს თეა წულუკიანი.