მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს პირველი საკომიტეტო კვირა პირველ საათზე ჩანიშნული ორი კომიტეტის სხდომით დაიწყო. დაამტკიცეს დებულება და აირჩიეს კომიტეტის თავმჯდომარეების მოადგილეები. ოპოზიციის ბოიკოტის გამო, კომიტეტის წევრებისა და თავმჯდომარის ერთი კვოტა თავისუფალია.
კომიტეტში, სადაც უახლოეს პერიოდში მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე უნდა იმსჯელონ, ჯერ არ იციან ვისთან ექნებათ პოლიტიკური დებატები, რომელიც კომიტეტში ბიუჯეტის განხილვას ოპოზიციის პარლამენტში ყოფნისას ყოველთვის წინ უძღოდა. დღეს კომიტეტში უმრავლესობის დეპუტატები ოპონენტების გარეშე შეიკრიბნენ და მოადგილეებიც დაამტკიცეს.
შალვა ნათელაშვილი პირველია იმ პოლიტიკოსებისგან, რომელმაც მანდატზე უარი ოფიციალურად თქვა და ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე შეატყობინა. პროცედურის მიხევდით, განცხადების განხილვას პარლამენტი 7 დღის შემდეგ დაიწყებს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მმართველმა ძალამ უკვე საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელოს. მანდატის შეწყვეტამდე კი დეპუტატებს პარლამენტარის ხელფასი დაერიცხებათ.
პარლამენტში დღეს კიდევ ერთი წერილი შევიდა, ხელმომწერი ბიძინა ივანიშვილია. 12 დეკემბრით დათარიღებული დოკუმენტით მმართველმა პარტიამ პარლამენტს პრემიერობის კანდიდატად კვლავ გიორგი გახარია დაუსახელა. მთავრობის მეთაურს შვიდდღიანი ვადა აქვს, რომ ახალ პარლამენტს ახალი გუნდი წარუდგინოს. ვინ შეინარჩუნებს და ვინ დაკარგავს პოსტს მინისტრთა კაბინეტში, უცნობია.
მეათე მოწვევის ერთპარტიულ პარლამენტს მომავალ კვირაში პრემიერი და ბიუჯეტი აქვს დასამტკიცებელი.