"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიერ პოსტისა და პარტიის დატოვებას პარტიის წევრი ნუგზარ წიკლაური "დღის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა. ნუგზარ წიკლაურის თქმით, გრიგოლ ვაშაძის ქმედება, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით და შერჩეული დროის მიხედვით ძალიან დასანანია:
"იყო ბევრი რამ, რაც ამ ადამიანმა გააკეთა ჩვენი პოლიტიკური მოძრაობისათვის და ის რომ ძალიან მძიმე პერიოდში მოვიდა, ეს არის დასაფასებელი. ამავე დროს შეუძლებელია არ ითქვას ისიც, რომ კიდევ უფრო მძიმეა დღეს ქვეყანაში ვითარება, პრაქტიკულად კულმინაციაა ახლა ხელისუფლების ძალადობის, გაყალბებული არჩევნები, თავდასხმები ადამიანებზე, ოფისების დაწვა, ეს არის ძალიან მძიმე პერიოდი და მიმაჩნია, რომ ამ პერიოდში გრიგოლ ვაშაძის ასეთი გადაწყვეტილება, როგორც ფორმით, ისე შინაარსით და შერჩეული დროის თვალსაზრისით არის ძალიან დასანანი. ეს არის კიდევ ერთი ძალინ მძიმე პრობლემა, რომელიც ამ განცხადებას ახლავს, ადამიანი უნდა მოსულიყო და ეთქვა იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც ის თვლიდა გადაულახავად და იმ შემთხვევაში თუ ვერ შევძლებდით შეთანხმებას პრობლემა არც ამაში არაა, ადამიანები მიდიან, მოდიან და პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება, ეს არ გააკეთა ბატონმა გრიგოლ ვაშაძე და ეს არის დასანანი ადამიანური ურთიერთობის თვალსაზრისითაც," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა და აღნიშნა, რომ მიუღებელია გრიგოლ ვაშაძის პრეტენზიები კომუნიკაციის არქონასთან დაკავშირებით, რადგან სწორედ თავმჯდომარეა პასუხისმგებელი იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს.
ბოლო გარკვეული ხნის განმავლობაში გრიგოლ ვაშაძის კომუნიკაცია პარტიის წევრებთან იყო შესუსტებული, თუმცა ის წარმოადგენდა პარტიას მოლაპარაკებებზე და ახმოვანებდა პარტიის პოზიციას. ამ ადამიანმა გადაწყვიტა პარტიას დაელაპარაკოს ფეისბუკპოსტით, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ნუგზარ წიკლაური გრიგოლ ვაშაძის განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ მიუღებელია ის მწვავე კრიტიკა, რომელიც საქართველოში მოქმედი დიპლომატების მიმართ ისმის.
"ეს არის კიდევ ერთი გაუგებარი პასაჟი. მე არ ვიცი პარტიის წევრი, რომელიც გამოვიდა და ჩვენი მედიატორების დამგმობი ტექსტი გააჟღერა, ასეთი რამე არ მომხდარა. შესაძლოა ჩვენ გვინდოდეს ჩვენი მეგობრების კიდევ უფრო მეტი ჩართულობა. სი რომ თავდასხმები იყო ეს არის ყურით მოთრეული საკითხები. ერთია კრიტიკული განცხადებებ, რაც დასავლური დემოკრატიის ნაწილი და მეორეა თავდასხმები. მე არ მგონია რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები რამეს მატებდეს გრიგოლ ვაშაძეს, როგორც პოლიტიკოს, ადამიანს და დიპლომატს,"- აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
ნუგზარ წიკლაურის თქმით, მისთვის გაუგებარია პარტიაში ოდიოზურ ფიგურებთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის მინიშნებები:
"თუ ვინმე არის ოდიოზური, არიან წულუკიანი, მდინარაძე კობახიძე და ჩემდა გასაოცრად სამივე ამ ადამიანმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს და შინაარს. ეს ბერვ რამეზე მეტყველებს. მეტყველებს იმაზე რომ თუ ვინმეს წისქვილზე დაასხა წყალი, გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებამ, ეს არის "ქართული ოცნების" წევრები, მათ მისცა საკბილო," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.