17 ნოემბერი 2024,   15:02
ვრცლად
თქვენი სტუდიიდან მინდა ყველას მივმართო, თავი შეიკავონ მანდატებზე უარის თქმისგან - ლევან იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, მოლაპარაკებების დასრულებამდე საპარლამენტო მანდატებზე უარი არ თქვან. 

მისი შეფასებით, ეს აზიანებს მოლაპარაკების პროცესს. 

"ახლა გამოსავალი არის მხოლოდ შეთანხმების გამოტანა მოლაპარაკებებიდან. ხვალ მანდატებზე უარის თქმის ღონისძიება აქვს ოპოზიციის ნაწილს დაგეგმილი. თქვენი სტუდიიდან მინდა ყველას მივმართო, რომ თავი შეიკავონ ამ მანდატებზე უარის თქმისგან. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს მანდატი ეძვირფასება, იმიტომ, რომ დაგეგმილია მეხუთე რაუნდი და მანამდე ასეთი რაღაცის გაკეთება აზიანებს ამ პროცესს. ეს კიდევ ერთხელ არის ელჩებისთვის იმის დადასტურება, რომ მათი მონაწილეობა ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს.

ბოლოს და ბოლოს, თუ ამ შეთანხმებას მივაღწევთ, ეს მანდატებზე უარნათქვამი ხალხი ხომ უნდა მიბრუნდეს პარლამენტში და ეს მანდატები უკან მოითხოვოს?!

რაც შეეხება პარტიული სიების ახსნას, მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რა სიებზეა საუბარი: ამ პარტიებმა ჩახსნეს იმ ადამიანების სიები, ვინც ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ვისაც მანდატი აქვს, მან უნდა მიმართოს შესაბამისი განცხადებით პარლამენტს და უარი თქვას თავის მანდატზე. ეს პროცედურა, შესაძლებელი იქნება დაიწყოს ხვალიდან. ყველას კიდევ ერთხელ მივმართავ, თავი შეიკავოს ასეთი რამის გაკეთებისგან, იმიტომ რომ ეს აზიანებს მოლაპარაკების პროცესს.

თუ დავინახავთ, რომ მოლაპარაკება შევიდა ჩიხში, ელჩები თუ იტყვიან, რომ მორჩა, ვერ შედგა მოლაპარაკება, მერე ყველა ერთად მივიდეთ და ვთქვათ ამ მანდატებზე უარი, რადგან ისე არავინ არ აპირებს პარლამენტში შესვლას, მაგრამ სანამ მოლაპარაკება გრძელდება, რატომ დგამ ამ ნაბიჯს, თუ არ გინდა, რომ ისევ ეს მოლაპარაკება დააზიანო?!,"-განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

დღის ამბები