17 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები მთავრობას შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ

რამდენად ეფექტურია ეპიდვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით დაწესებული შეზღუდვები - აღნიშნული საკითხი პრემიერ-მინისტრმა Covid-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განიხილა. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები მთავრობას შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კოვიდინფექციის კუთხით ვითარება დასტაბილურდა და ეს გარკვეულწილად, შეზღუდვების დამსახურებაა. ის საახალწლოდ შეზღუდვების შენარჩუნების მომხრეა:

"დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. მათ შორის, განვიხილეთ არსებული მდგომარეობა ქვეყანაში. დაავადებულთა რაოდენობა არ შემცირებულა, მაგრამ ნამდვილად იგრძნობა დაძაბულობის ცოტათი მოხსნა. მდგომარეობა სტაბილურია. როგორც იყო, ისტერიის დონეზე, ნამდვილად აღარ არის. ერთ-ერთი ამის შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ეს შეზღუდვები მუშაობს. ჩემი თხოვნა იყო და ბევრმა კოლეგამ დამიჭირა მხარი, რომ კარგი იქნება, თუ ამ შეზღუდვებს არ მოვხსნით. გასაგებია, რომ მთელი წელი იყო მძიმე და კარგი იქნება, რომ ეს ბოლო პერიოდიც მოკრძალებულად გადავაგოროთ. ჩემი აზრით შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს," - განაცხადა დავით გადელიამ.

"ევექსის" დირექტორი გიორგი მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს, თუმცა აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა:

"შეხვედრაზე განვიხილეთ ბოლო კვირის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული საკითხები, გამოწვევები, რის წინაშეც სექტორი დგას. ასევე ვიმსჯელეთ შეზღუდვების დაწესების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. ფაქტია, რომ გავრცელების დონე არის შემცირებული, მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა მოგვცეს მოდუნების საშუალება, იმიტომ, რომ გავრცელება ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. ასევე ვისაუბრეთ სავარაუდო შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. ახალი წლისთვის შეზღუდვები გარკვეულწილად უნდა შემსუბუქდეს, მაგრამ რაც უფრო ფრთხილად ვიქნებით, უკეთესია, ვინაიდან, ჯერ კიდევ ვირუსი არის საკმაოდ მაღალი გავრცელების ზღვარზე," - განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.

ქუთაისის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის  რეგიონული ცენტრის დამფუძნებელი გია გრძელიძე აცხადებს, რომ შეზღუდვები დღის წესრიგში უნდა დარჩეს:

"შედეგი არის ის, რომ კოვიდის გავრცელების სისწრაფის შეჩერება ოპერატიულად შევძელით და ეს ნამდვილად არის ამ შეხვედრების დამსახურებაც. რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, დარწმუნებული ვარ, ყველა სპეციალისტი იმას იტყვის, რომ ეს შეზღუდვები დღის წესრიგში უნდა დარჩეს. საბოლოო გადაწყვეტილებას, რით შეიძლება შევამსუბუქოთ შეზღუდვები, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორი გზით მივდივართ და ეს სწორი გზა საბოლოოდ შედეგს გამოიღებს,"- განაცხადა გია გრძელიძემ.

"ნიუვიჟენ ჰოსპიტლის" დირექტორის შეფასებით დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ჰოსპიტალზე ზეწოლა შედარებით შემსუბუქებულია. მირზა ხანიკიძე მიიჩნევს, რომ გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება  წინა საახალწლო დღეებში შესაძლოა, მაგრამ სრული თავისუფლება ისევ გაზრდის ინფიცირებულების რაოდენობას:

"დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ვისწავლეთ კოვიდთან ურთიერთობის კულტურა, ჰოსპიტალზე ზეწოლა შედარებით შემსუბუქებულია. გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება, ალბათ, წინა საახალწლო დღეებში შესაძლოა, მაგრამ სრული თავისუფლება ისევ გაზრდის ინფიცირებულების რაოდენობას და ის შრომა, რაც აქამდე სახელმწიფოს და თითოეული ექიმის მიერ იქნა გაწეული, შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს," -  განაცხადა მირზა ხინიკაძემ.

კლინიკების ქსელ "ჯეო ჰოსპიტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინა კობახიძე მიიჩნევს, რომ  გავრცელების რაოდენობა გარკვეულწილად  შეკავებულია და იმედოვნებს, რომ პროცესი შენარჩუნებული იქნება და რაოდენობის ზრდა არ იქნება მიბმული შეზღუდვების მოხსნასთან:

"იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი იქნება შენარჩუნებული და რაოდენობის ზრდა არ იქნება მიბმული შეზღუდვების მოხსნასთან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატო, რა მდგომარეობაშიც ახლა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა შევინარჩუნოთ, რათა ჩვენს ექიმებს მივცეთ საშუალება ღირსეულად მოემსახურონ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს," - განაცხადა ნინა კობახიძემ.

ინფიცირების რაოდენობის გარკვეულ სტაბილიზაციას, შეზღუდვების მოქმედებას უკავშირებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც. მისივე თქმით, ჯერ ადრეა სრულ სტაბილიზაციაზე საუბარი.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკიდურესი დატვირთვით მუშაობდა ჯანდაცვის სისტემა. რა თქმა უნდა, პატარა სტაბილიზაცია, რომელსაც  ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, არის ცალსახად შეზღუდვების შედეგი და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან. ამდენად, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც უკიდურესად გადაღლილია ბოლო პერიოდის მოვლენებით, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაინტერესებულია იმით, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნდეს და ჰქონდეთ, გარკვეულწილად, სტაბილიზაციის და იმ პირობებში მუშაობის გაგრძელების საშუალება, რისი შედეგიც და საშუალებაც  ამ შეზღუდვების შედეგად შემთხვევების მცირედი კლების ტენდენციამ მოგვცა. რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა სრულ სტაბილიზაციაზე საუბარი, რადგან შეზღუდვები გრძელდება. მომდევნო ერთი კვირა, ათი დღე გარკვეულწილად საბოლოო სურათის დანახვის საშუალებას მოგვცემს და ამის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს გადაწყვეტილებები,"- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები