თბილისის მერის განცხადებით, აფრიკის დასახლებაში დემონტაჟის პროცესი მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად დაიწყო. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე თაღლითურ სქემას ეხება:
"თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დღეს სამგორის რაიონში დატაცებულ მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდამრღვევები, როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით, სამწუხაროდ, გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად დაიწყო დემონტაჟის პროცესი.
ფაქტია, რომ ბოლო წლებში მოქალაქეებმა, რომლებსაც აქვთ უძრავი ქონება რეგიონებში, ასევე, ზოგს სხვის სახელზეც, დაიწყეს უკანონო მშენებლობები თბილისში სახელმწიფო მიწაზე. ეს მიწა არ არის კერძო პირების საკუთრება, ესაა ჩვენი, თითოეული ჩვენგანის, თითოეული თქვენგანის ქონება და ეს პროცესი ვერ გაგრძელდება.
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებელის მიზნით უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ. თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა.
ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ორივე ქმედება - მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობა არის კანონით დასჯადი, თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ არცერთ გაფრთხილებას და აგრძელებენ ამ უკანონო ქმედებებს.
ყველასთვის ცნობილია, თუ რა სასჯელს ითვალისწინებს დანაშაული, რაც თუნდაც 200-300 ლარიანი ქონების უკანონოდ მითვისებას შეეხება. ამავე დროს სახელმწიფო მიწების მიტაცება არათუ დანაშაულად ითვლება, პირიქით, ეს ადამიანები პრეტენზიას უყენებენ სახელმწიფოს.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გვიწევს ამ მშენებლობების დემონტაჟი, რადგან პროცესის შეჩერება სხვაგვარად შეუძლებელია," - განაცხადა კახა კალაძემ.