17 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
თავმჯდომარის წასვლა იმაზე მიუთითებს, რომ ენმ მკაფიოდ არაა ჩამოყალიბებული პოზიციებზე, რომელიც  საჭიროა კრიზისულ სიტუაციაში - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი, "დღის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის თანამდებობიდან და პარტიიდან წასვლას გამოეხმაურა. ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ხედვებთან დაკავშირებით მკაფიოობა და სიცხადე არაა დამახასიათებელი და ამას მიანიშნებს ის პრობლემაც, რომელიც გრიგოლ ვაშაძესა და მის პარტიას შორის გაჩნდა:

"ცოტა რთულია სხვა პარტია შევაფასო, როდესაც ცოტა ხნის წინ ჩვენს პარტიაშიც იყო მსგავსი გაყოფა თუ გაუგებრობა. მაგრამ განსხვავება "გირჩსა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არის უზარმაზარი. ენმ არის დიდი პარტია, რომელიც ამ კრიზისულ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ და ჩვენი ქვეყანა ვართ,  თითქმის მთავარ როლს თამაშობს და ენმ-ზე ძალიან ბევრი რამე იყო და არის დამოკიდებული. ამ მომენტში ზუსტად ნაციონალური მოძაობის თავმჯდომარის წასვლა ზუსტად იმაზე მიუთითებს, რომ თავად ენმ მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული იმ პოზიციებზე, რომელიც ასე რიგად საჭიროა დღევანდელ კრიზისულ სიტუაციაში პოლიტიკური პარტიისთვის, რომ გასაგები იყოს, ხვალ თუ ასე განვითარდება ჩვენ ასე ვიქცევით, თუ სხვანაირად, მაშინ სხვანაირად მოვიქცევით. ასეთი მკაფიოობა და ასეთი სიცხადე ნამდვილად არაა პოლიტიკური პარტიებისთვის დღევანდელ ვითარებაში დამახასიათებელი და ამას მიანიშნებს ის პრობლემაც, რომელიც ბატონ გრიგოლსა და მის პარტიას შორის გაჩნდა," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დღის ამბები