რა პროცესებს გამოიწვევს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თანამდებობიდან და პარტიიდან წასვლა, არა მხოლოდ შიდაპარტიულ კონტექსტში, არამედ მთლიანად პოლიტიკურ ველზე.
ენმ-ში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" თავმჯდომარის წასვლა გლობალურ გავლენას ვერც პარტიის შიგნით და ვერც პარტიის მონაწილეობით, მიმდინარე პროცესებზე, ვერ მოახდენს.
ოპოზიციის უმრავლესობაც აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება არანაირ გავლენას არ მოახდენს. მმართველი გუნდის ოპონენტები ცვლილებებს არც მოლაპარაკებების მიმართულებით ელოდებიან, სადაც ენმ-ს სწორედ გრიგოლ ვაშაძე წარმოადგენდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქმე შიდა პარტიულ საკითხს ეხება.
ის, რაც ოპოზიციის უმრავლესობისთვის სამწუხაროა, მოსწონს "ქართულ ოცნებას". დღეს მმართველმა გუნდმა ღიად თქვა, რომ ხელისუფლების ამოცანაა "ნაციონალურ მოძრაობაში" კორექტივების შეტანა, პარტიაში, რომელიც უმრავლესობისთვის, მათივე შეფასებით, ანტიდასავლური ძალაა. "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობისა" და ზოგადად ოპოზიციის დაშლაზე საუბრობს და ამაში კონკრეტული ადამიანების წვლილზე მიანიშნებს.
აღმოჩნდება თუ არა პარტიის დაშლის წინაპირობა "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილება და ექნება თუ არა გავლენა ვაშაძის გარეშე გაგრძელებულ მოლაპარაკებებზე მის ამ ნაბიჯს, ეს უახლოეს დღეებში, მორიგი რაუნდის შემდეგ გაირკვევა.