17 ნოემბერი 2024,   14:53
ვრცლად
"ფულიც არჩევნების შედეგად გაქვს მიღებული, როგორც ფული აიღე და იბრძვი, ისე - აიღე მანდატი და იბრძოლე" - იაგო ხვიჩია ოპოზიციის საბიუჯეტო დაფინანსებაზე

პარტია "გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს იმაზე, თუ რას მოიცავს საერთო ოპოზიციური ბოიკოტი. როგორც იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერში" განაცხადა, მისთვის მიუღებელია ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის დროს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაც და ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებაც:

"ამ წუთას რაც არის მთავარი სასაუბრო და რაზეც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, სულ ორი გადაწყვეტილებაა მისაღები, ერთი ბოიკოტი და მეორე რა არის ის, რის გამოც ბოიკოტი ირღვევა და ყველა შედის "ნაციონალური მოძრაობის" ჩათვლით. 

თუ მეორე საკითხზე მარტო ერთი პასუხია - ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებას ამაზე წითელი ხაზი აქვს გავლებული, მაშინ ოპოზიცია, თუ ნორმალური ხალხი ვართ, უნდა ვლაპარაკობდეთ როგორ წარმოგვიდგენია ბოიკოტი. იმიტომ, რომ მე და ლევან იოსელიანს ბოიკოტი წარმოგვიდგენია სხვანაირად. ჩვენ არც ფული არ აგვიღია ბიუჯეტიდან, ჩვენ, "გირჩი" არ ვაპირებთ მონაწილეობას არცერთ არჩევნებში, თუ ბოიკოტში ვართ, სანამ მოთხოვნა არ შესრულდება, მათ შორის არც ადგილობრივ არჩევნებში, ხოლო ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან ფიქრობენ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რაც ჩემში იწვევს გაკვირვებას. ბოიკოტში არ შევდივარ საქართველოს პარლამენტში და მონაწილეობას ვღებულობ მარტვილის რაიონის საკრებულოს არჩევნებში?!" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით დაფინანსების მიღება არჩევნების ირიბი აღიარებაა:

"ფულიც არჩევნების შედეგად გაქვს მიღებული, შენ აპროტესტებ რომ მეტი ფული გეკუთვნოდა, მაგრამ ცოტას იღებ, პარლამენტის შემთხვევაში იმავეს რატომ არ აკეთებ, ანუ ცოტა დეპუტატის მანდატს რატომ არ იღებ? მეტზე იბრძოლე, როგორც ფული აიღე და ისე იბრძვი, ისე აიღე მანდატი და იბრძოლე," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, მისთვის გაუგებარია როგორ უნდა ენდოს ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე იმ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებზე უნდობლობას უცხადებს.

დღის ამბები