თბილის მერის განცხადებით 2021 წლის საახალწლო სლოგანი "სოლიდარობით სავსე თბილისი" იქნება.
"ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ საახალწლო განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს. ეს საახალწლო დღეები მინდა იყოს სიყვარულით, თანადგომით და სითბოთი აღსავსე," - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, შექმნილი პანდემიის და მისგან გამოწვეული უამრავი ნეგატივის თუ პრობლემის ფონზე, დიდი მნიშვნელობა აქვს სოლიდარობას და იმ ოჯახების დახმარებას, ვისაც ამ პირობებში ყველაზე მეტად გაუჭირდა.
"ძალიან მძიმე წელი გამოვიარეთ. ახალი რეალობა შეიქმნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მე მხედველობაში მაქვს არსებული პანდემია, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და იძულებით გვიწევს უამრავ ნეგატივთან და სტრესთან შეგუება. პირველი შოკის და დაბნეულობის მერე, ყველანი ვცდილობთ ადაპტაციას ახალ წესებთან და ვირუსის გამო შექმნილ პრობლემებთან გამკლავებას,"-განაცხადა თბილისის მერმა.