ოპოზიციონერი დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილის გადაწყვეტილებას, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევა, მისი გუნდში შეფასებები მოჰყვა. ჩავლეიშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო, რომელიც უკვე დატოვა.
"რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის "ენმ - ძალა ერთობაშიას" წევრი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ირაკლი ჩავლეიშვილის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პარტიის გადაწვეტილებას და ამიტომ მან დატოვა პარტია.
"ირაკლი ჩავლეიშვილი არის დიდი ხნის პარტიის წევრი აჭარის ორგანიზაციაში, სამწუხაროდ, მან მიიღო გადაწყვეტილება და გააკეთა ამის თაობაზე განცხადება, რომ შევიდეს უმაღლეს საბჭოში. როგორც იცით, რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებით, არც ერთი რესპუბლიკური მანდატი არ იქნება საკანონდებლო ორგანოში, როცა ვართ ასეთ ვითარებაში და ბლოკი არ არის წარმოდგენილი. მისი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პარტიის გადაწვეტილებას და ამიტომ მან დატოვა პარტია," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გივი მიქანაძე ამბობს რომ ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ნებისმიერი სახით ბულინგი მიუღებელია.
"ნებისმიერი ბულინგი არის დაუშვებელი. ეს გადაწყვეტილება არის კონკრეტული ადამიანის მიერ მიღებული, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მან სტატუსი დაწერა და თქვა, რომ მე ვაანალიზებ გარკვეულ სიტუაციას და თუ არ ვცდები, ის პარტიასაც ტოვებს. ის ადამიანი სარგებლობს იმ მანდატით, რომელიც მოქალაქეებმა არჩევნების დროს მას მიანიჭეს. მისასალმებელია ნებისმიერი კონსტრუქციული ნაბიჯი," - ამბობს გივი მიქანაძე.
განცხადება პოლიტიკოსმა გვიან ღამით facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. თუმცა მოგვიანებით პოსტი მოხსნა. საკუთარ ნაბიჯს ირაკლი ჩავლეიშვილი ბოიკოტირებასთან დაკავშირებით მისი და პარტიის პოზიციის განსხვავებას უკავშირებს. გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩავლეიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირის და აშშ-ს ელჩების დაუმსახურებელი კრიტიკა. ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" სიით მოხვდა. ის რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო, რომელიც უკვე დატოვა.