"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტში "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის დაინიცირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება ოპოზიციის მხრიდან პრინციპული საკითხია.
თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ შემუშავებული კანონპროექტი ერთგვარად ირიბი დაკმაყოფილება იყოს ოპოზიციის მოთხოვნისა.
"ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკების მაგიდასთან ერთ-ერთი პრინციპული საკითხი იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. თუ ეს ამნისტია წულუკიანის მიერ შემუშავებული შემოვლითი გზაა ოპოზიციის ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბუნებრივია ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ამას გვიჩვენებს დრო, როდესაც ისინი გაასაჯაროებენ დეტალებს იმ კანონპროექტის, რომლის მიღებასაც აპირებენ ერთპარტიულ პარლამენტში," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კანონპროექტს გამოეხმაურა ასევე "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი და A+ consalting”-ის იურისტი ოთარ კახიძე.
მისი თქმით, აღნიშნულ ინიციატივაში დაზარალებულისა და საზოგადოების ინტერესი უნდა იყოს დაცული.
"აქ უნდა იყოს დაცული ბალანსი დაზარალებულისა და საზოგადოების ინტერესებთან მიმართებაში. დანაშაულს ჰყავს კონკრეტული დაზარალებული, რომლის უფლებები უნდა იყოს გათვალისწინებული, აგრეთვე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინტერესი უნდა იქნას მხედველობაში მიღებული. ამ ინტერესთან ბალანსით უნდა იყოს მიღებული გონივრული გადაწყვეტილება," - განაცხადა ოთარ კახიძემ.
"ამნისტიის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. ინიციატივა ეკუთვნის მე-10 მოწვევის პარლამენტს. მომზადებული პროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგანაც, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს 2020 წლის 11 დეკემბრამდე. შეღავათები არ ეხებათ იმ პირებს, რომლებიც გასამართლდნენ მკვლელობის, ან ოჯახური ძალადობის მუხლებით.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.