17 ნოემბერი 2024,   15:02
ვრცლად
ენმ-ს ახალი თავმჯდომარე სავარაუდოდ მომავალი წლიდან ეყოლება - წინასწარ დასახელდა რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ახალი თავმჯდომარე, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ეყოლება. ამისთვის საჭიროა პარტიის წევრების შეხვედრა ყრილობის ფორმატში გაიმართოს. ვინ იქნება კანდიდატი ჯერ უცნობია. კონსულტაციები პარტიაში უახლოეს მომავალში დაიწყება. წინასწარ დასახელდა რამდენიმე კანდიდატი. მათ შორის ღიად ითქვა, რომ ხელმძღვანელობის რესურსი აქვთ, ნიკა მელიას, ლევან ვარშალომიძეს, ხატია დეკანოიძეს და კობა ნაყოფიას.

გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიისა და თავმჯდომარის პოსტის დატოვებას მოულოდნელს უწოდებენ მისი უკვე ყოფილი თანაგუნდელები:

"ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ბატონი გრიგოლის ეს განცხადება, შესაბამისად არც კონსულტაცია, არც სერიოზული ანალიზი იმისა თუ ვინ უნდა იყოს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ბუნებრივია არ გვქონია. ენმ-ს არცერთი ლიდერი ელჩებს თავს არ დასხმია. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ბატონმა გრიგოლმა ჩათვალა რომ ამ ეტაპზე მან ამოწურა მისი შესაძლებლობები, რომ რეალიზაცია მოეხდინა მისი გეგმებისა და სტრატეგიისთვის. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ღირსეულად შეძლებს გაუძღვეს "ნაციონალური მოძრაობას"," - აცხადებს ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, პარტიაში ბევრ ადამიანს აქვს რესურსი, რომ ენმ-ს სათავეში ჩაუდგეს:

""ნაციონალური მოძრაობა" ბევრჯერ გამოვიდა მსგავსი შიდაპარტიული კრიზისიდან, ჩვენ გვაქვს ის რესურსი რომ ბრძოლა გავაგრძელოთ იმიტომ რომ ჩვენი ერთობა განპირობებულია არა ინდივიდების მონაწილეობით არამედ პოლიტიკური ტრადიციებით, პრინციპებით, იდეებით. პარტიის თავმჯდომარის კანდიდატის განხილვა, ახლა ამ წუთას არ მიმდინარეობს, ალბათ გაზაფხულზე დაინიშნება ყრილობა და ყრილობა მიიღებს გადაწყვეტილებას. მათ შორისაა ნიკა მელია, ლევან ვარშალომიძე, ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია , ბევრს აქვს ეს რესურსი," - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი კი ამბობს, რომ მსგავსი ტურბულენციის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო გაძლიერებული გამოდის და ამასვე იმედოვნებს ამჯერადაც:

"სამწუხარო განცხადება იყო ბატონი გრიგოლ ვაშაძისგან, რა თქმა უნდა ვერც შინაარს და ვერც პათოსს მისას ვერ დავეთანხმები. პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს პარტიის შიგნით და ნებისმიერი ასეთი ტურბულენციის დროს "ნაციონალური მოძრაობა" გამოდის ხოლმე გამარჯვებული და გაძლიერებული. ენმ არ არის ერთი ადამიანი, არაა არც ლევან ხაბეიშვილი, არც გრიგოლ ვაშაძე, არც ნებისმიერი სხვა ერთი პოლიტიკოსი. ეს არის იდეა, რომლის გარშემოც გაერთიანებულია ასიათასობით ადამიანი," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა და აღნიშნა, რომ თავმჯდომარის შესახებ გადაწყვეტილებას თავად პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს და ამის შესახებ საზოგადოებაც იქნება ინფორმირებული.

დღის ამბები