"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ პარტიის დღის წესრიგში ახალი თავმჯდომარის არჩევა დადგა. პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა უკვე სახელდება პარტიის რამდენიმე ლიდერი, რომლებმაც შესაძლოა თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს. მათ შორის არიან ნიკა მელია, ლევან ვარშალომიძე და კობა ნაყოფია. თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები განმარტავენ, რომ კონკრეტული კანდიდატის შერჩევა პარტიის ყრილობის პრეროგატივაა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეფასებით, გრიგოლ ვაშაძის წასვლა, მიუხედავად პარტიაში მისი პოლიტიკური წონისა, მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძველი ვერ გახდება. მათი თქმით, პარტია კვლავ ერთიანი რჩება.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე მმართველ პარტიაში. დეპუტატები "ქართული ოცნებიდან" არ გამორიცხავენ, რომ გრიგოლ ვაშაძის მსგავსად, შიდა განხეთქილების გამო პარტია სხვა პოლიტიკოსებმაც დატოვონ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობა გრიგოლ ვაშაძემ გუშინ დატოვა. საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე მან სოციალურ ქსელში ისაუბრა და თქვა, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის ტაქტიკას, არ მოსწონს დიპლომატიურ კორპუსზე პოლიტიკური თავდასხმები და არც ის, რომ პარტიაში ოდიოზური ფიგურები გამოჩნდნენ.