17 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
ან დანიშნავენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ან ოპოზიციას ვერ იხილავენ საპარალამენტო დარბაზში - ხატია დეკანოიძე

შანტაჟი და მუქარა - ასე აფასებს ოპოზიცია მმართველი გუნდის ინიციატივას პარტიების დაფინანსების წესის შეცვლასთან დაკავშირებით.

ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ მოლაპარაკების პროცესს ასეთი რიტორიკა და გეგმა აზიანებს.

საუბარია ცვლილებებზე რომლის მიხედვითაც პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან საპარლამენტო მუშაობაზე იტყვის უარს, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ან ერთი წლით შეუჩერდება.

"ან დანიშნავენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ან ოპოზიციას ვერ იხილავენ საპარალამენტო დარბაზში, რაც არ უნდა მუქარების კორიანტელი დააყენონ. ღიად და გულწრფელად ვამბობ, კარგია დაემუქრონ პარტიებს და მერე რა პასუხს მიიღებენ მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებიდან, მალე ვნახავთ ყველა. ჩვენზე არ მოქმედებს არავითარი მუქარა, ეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან ბევრჯერ გამოიარა. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, ვისაც ჯერ არ მიუმართავს პარლამენტისთვის მანდატების გაუქმებაზე, მალე მიმართავს და ასევე, დარწმუნებული ვარ, ეს არალეგიტიმური პარლამენტი იქნება და სწორედ ამიტომ აქვთ ეს ნერვული აშლილობა," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

ასევე ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო რეგისტრაციიდან იმ პარტიის მოხსნას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის დადგენილ ცენზს.

"უკვე 8 წელია ბიძინა ივანიშვილი გვემუქრება რომ რადარებიდან გაგვაქრობს, მაგრამ ამ პერიოდში ყველა დარწმუნდა რომ "ნაციონალური მოძრაობა" კი არ დასუსტდა, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდა. რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არაკონსტიტუციურია და ალბათ ეს საკითხი მივა საკონსტიტუციო სასამართლომდე. მიხეილ სააკაშვილი არის პარტიის ლიდერი და ამის გამო პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა, არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება,"- აღნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.

დღის ამბები