მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას პატიმრების მასშტაბური გათავისუფლების აქტით იწყებს - ამნისტიის კანონპროექტის პარლამენტში დამტკიცებამდე დაგეგმილია განხილვები, რომელში ჩართვასაც მმართველი პარტია პოლიტიკურ, სამთავრობო თუ არასამთავრობო ჯგუფებს სთავაზობს.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის ეკა ქობესიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამნისტია პოლიტპატიმრების საქმეებსაც შეხებოდა, რაზეც არა ერთი რეკომენდაცია გაიცა როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრისგან", ასევე სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან.
"მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტში შესულიყო პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური მოტივებით ბრალდებულები ამ კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში, რაზედაც არა ერთი რეკომენდაცია აქვს როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრს", ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასევე ხარვეზებს წარმოადგენს ის, რომ მნიშვნელოვანი და დადებითი იქნებოდა ეს ამნისტიის კანონპროექტი შეხებულიყო სხვა დანაშაულებსაც, თუნდაც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს, სადაც მოხდებოდა თუნდაც მინიმალური სასჯელის მოკლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რესოციალიზაციისთვის მსჯავრდებულების შემთხვევაში," - აცხადებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ქობესაშვილი.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის "დემოკრატების კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ამნისტია ეხება ნებისმიერ პატიმარს, რომელიც კონკრეტული მუხლით არის გასამართლებული, რაც მისი თქმით, გარკვეულ რისკებს შეიცავს.
"ამნისტია ეხება ყველა, ნებისმიერ პატიმარს, რომელიც კონკრეტული მუხლით არის გასამართლებული და რა თქმა უნდა ეს შეიცავს რისკებს. არის იქ მუხლები, რომლებთან დაკავშირებითაც მე განსხვავებული მოსაზრებები მაქვს, მაგალითად თუნდაც უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით ხომ, ხომ არ მოხდება წახალისება უფრო მეტად, ეს ეხება როგორც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას, ასევე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას, ისევე როგორც დეზერტირობასთან დაკავშირებით ხომ, მაშინ რად გვინდა ჯარი თუ კი დეზერტირობას წავახალისებთ. დისკუსია მიმდინარეობს. სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრებასთან დაკავშირებით ხომ?! თუ იქნება ამნისტია, ბუნებრივია სასურველია, რომ სწორედ მათაც შეეხოთ, იმ ადამიანებს," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატების კვლევის ინსტიტუტის" დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა.
ამნისტიის პროექტი მთლიანობაში 2 300 ადამიანს შეეხება - ციხეს დატოვებს 800-მდე პირი, 700-ს სასჯელი შეუმცირდება, 800-მდე მსჯავრდადებულს კი პირობითი პატიმრობა მოეხსნება. ამნისტია არ ეხება მძიმე დანაშაულს, მათ შორის, მკვლელობებს და ოჯახში ძალადობას. ამნისტირებულები იქნებიან ნარკოდანაშაულზე მსჯავრდადებულებიც, თუმცა, არა გამსაღებლები. როგორც "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამნისტია პოლიტპატიმრებს არ შეეხება.