17 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
საბიუჯეტო დაფინანსება უკიდურესად მნიშვნელოვანია - ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რატომ არ ამბობენ ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს

პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განმარტა, თუ რატომ არ ამბობენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს საპარლამენტო ბოიკოტის მიუხედავად. 

"რამდენიმე ასპექტია: პირველ რიგში, კანონი არანაირად არ აკავშირებს ამ დაფინანსების მიღებას პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან. მოქმედი კანონის მიხედვით, შეიძლება პარტიამ საერთოდ ვერ მიიღოს იმდენი ხმა, რამდენიც საჭიროა თუნდაც ერთი მანდატისთვის პარლამენტში, მაგრამ თუ ის მიიღებს კანონით დადგენილ ხმათა მინიმალურ ოდენობას, დაფინანსებას ის ავტომატურად იღებს. ეს კანონი ასეთი იყო წლების განმავლობაში და არავის უთქვამს, რომ ის ცუდი იყო ამ ნიშნით, ახლა გაახსენდა კობახიძეს, რომ ააყირავოს და შეცვალოს.

მეორე - საბიუჯეტო დაფინანსება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტიებში ხალხის ფულის შემოსვლისთვის, იმიტომ, რომ ეს ხალხს აძლევს ძალიან მნიშვნელოვან ბერკეტს, რომ აკონტროლოს პარტიები და პარტიათა ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა მარტო თავისი დამფინანსებლის და პოლიტსაბჭოს კი არა, უკვე ხალხის წინაშეც გაჩნდეს. ჩემთვის, როგორც "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრისთვის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ იქამდეც პასუხისმგებლობით ვუდგებოდით საკითხს, მაგრამ როდესაც დაფინანსების კომპონენტი ჩნდება, ორმაგად პასუხისმგებელი ხარ, მათ შორის იმაში, რომ რაში დახარჯავ ამ ფულს, ეს იყოს გამჭვირვალე. 

როდესაც საუბარია, თუ არ იმუშავებთ, ფულს არ მოგცემთ - ჯერ ერთი, დეპუტატის ხელფასს ვიღებთ? კაბინეტს ვიკავებთ თუ რას ვაკეთებთ?! ამასთან, ძალიან ბევრი დეპუტატი და ეს არაერთ ანგარიშშია აღნიშნული, განსაკუთრებით, გამოირჩევიან "ოცნების" დეპუტატები, პარლამენტში უბრალოდ ადგილს ავსებენ. არავის ახსოვს მათ მიერ ინიცირებული ერთი კანონპროექტიც კი, მათი დიდი ნაწილის ერთხელ ამოღებული ხმა. სხდომებს ესწრებიან კი და ჩატში რომ ჩავარდება წითელ ვაშლს დააჭირონ თუ მწვანე ვაშლს, თითს აჭერენ, კი. ამაში რომ იხდიან საქართველოს მოქალაქეები ფულს, ეს არ აწუხებს კობახიძეს?,"-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

დღის ამბები