17 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ჩვენ არ გვინდა ეს პლასტმასის ბოიკოტი, ერთის მხრივ ბოიკოტს ვაცხადებთ და მეორე ხელი ბიუჯეტისკენ გვაქვს გაწვდილი - იაგო ხვიჩია

პარტია "გირჩის" თავმჯდომარე მორიგ ჯერზე აცხადებს, რომ ნამდვილი ბოიკოტი არის ის, რომ პარტიამ არც საბიუჯეტო დაფინანსება აიღოს და არც მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. იაგო ხვიჩიას თქმით, ის ოპოზიციაში არათანმიმდევრულობას ხედავს და აცხადებს, რომ ერთიანობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ცხადი გეგმა ჰქონდეთ:

"ჩვენ ნამდვილი ბოიკოტი გვინდა და არ გვინდა ეს პლასტმასის ბოიკოტი. ჩემზე მკაცრი ბოიკოტის მომხრე მე იქ არ მინახავს, ოღონდ თუ მართლა ბოიკოტს ვაპირებთ. მე სულ მაგას ვიძახი: ბოიკოტზე მოგყვებით, რევოლუცია გინდათ? - მოგყვებით, ეს გინდათ? - მოგყვებით. ოღონდ მითხარით, რა გინდათ, ოღონდ გეგმა დამანახეთ, ყველაფერზე თანახმა ვარ, თუ გეგმას ვნახულობ. მაგრამ თუ გეგმას არ ვნახულობ და არათანმიმდევრულობას ვხედავ, მაშინ ვაკრიტიკებ," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ "დღის კურიერში".

წამყვანის კითხვაზე, ხომ არაა შესაძლებელი, რომ დაფინანსების საკითხი, რომელიც გარკვეული პარტიებისთვის სუსტ ადგილს წარმოადგენს, ხელისუფლებამ შანტაჟისთვის გამოიყენოს, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თავად ოპოზიციამ უნდა აჩვენოს ხელისუფლებას მსგავსი შანტაჟის უშედეგობა:

"მე არ მინდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს შანტაჟის გამო, ასეთი ოპოზიცია არ მინდა, მე მინდა, რომ ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ძალიან გასაგებად უთხრან ნებისმიერს, ვინც არ უნდა იყოს, რომ მათი დაშანატაჟება ფულის ჩახსნით, ან რაღაცით ვერ მოხდება და ამისთვის მზად უნდა იყვნენ," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ, მისი თქმით, "გირჩმა" თავისის საარჩევნო კამპანია ძირითადად იდეებზე ააგო და იმდენი ხმები მიიღო, რამდენიც ისეთმა პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო კამპანიაში მილიონები ჩადეს.

"მე არ მჯერა იმ ბრძოლის, რომ ბიუჯეტიდან აღებული ფულით შევებრძოლებით ბიძინას და დავამარცხებთ, არასერიოზულია. ბიძინას დავამარცხებთ პრინციპულობით და იმით, რომ მართლა სერიოზულობას ვაჩვენებთ ჩვენს ზრახვებში. ერთის მხრივ ბოიკოტს ვაცხადებთ და მეორე ხელი ბიუჯეტისკენ გვაქვს გაწვდილი ან ადგილობრივ არჩევნებში ვმონაწილეობთ ქალბატონი ჟვანიას მეთაურობით, ეს დამაჯერებლად არ მესახება,"- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ხალხი აღტკინებულია და არ ფიქრობს იმაზე, თუ რა მოხდება პარლამენტში არშესვლის შემდგომ. მას კი სურს, რომ მომზადებული დახვდეს იმ მომენტს, როდესაც ეს აღტკინება გაივლის და სხვა რეალობა დადგება:

"ჩემი ზრდის წინაპირობა ის იქნება, რომ სწორი პოზიცია მქონდეს, ერთადერთი ამას ვცდილობ თორემ, მე ვიცი რომ ჩვენ მთელი ოპოზიცია, ფასილიტატორებიც კი, პატარა პარტიები ვართ გაჭყლეტილი ქოცების და ნაცების ომში, რომელიც წლებია ამ ქვეყანაში არ დამთავრდა. ამან ჩაიყოლა პატარა პარტიებიც, აშშ-ის წარმომადგენლის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობა ძალიან იშვიათი შემთხვევაა და მე არ მინდა ამ წარუმატებლობის მიზეზი ვიყო და ახლა ვცდილობ ამის გარკვევას, თორემ ზუსტად ვიცი რა მოხდება, ახლა რომ ხალხი აღტკინებულია და უარს აცხადებს აზროვნებაზე იმ ნაწილში, თუ რა ხდება მაშინ თუ პარლამენტში არ შევდივართ, ცოტა ხანში ეს შეიცვლება და მე მინდა რომ არსებობდეს "გირჩისგან" დადებული წინადადებები, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ის არ დამდგარიყო, რომელსაც მე ველოდები, როგორც ხელისუფლების სიგიჟის ასევე ოპოზიციის არათანმიმდევრულობის გამო," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები