წარმოადგენს თუ არა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის შანტაჟს კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებისა და უფასო საეთერო დროის ერთი წლით შეწყვეტას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტია საპარლამენტო ცხოვრებაში არ ჩაერთვება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა:
"პარტიის მხრიდან ამ განცხადების გაკეთება საჩქარო იყო იმისათვის, რომ ჩვენ უკუძალით არ აგვემოქმედებინა გარკვეული რეგულაციები. ჯერ კიდევ რჩება ამ კანონპროექტების მიღების შემდეგ ოპოზიციას იმის შანსი, რომ შემოვიდეს პარლამენტის სხდომაზე და ამ შემთხვევაში ისინი თავიდან აირიდებენ იმ რეაგირებას, რაც აისახება კანონში. თუ პოლიტიკურ პარტიას სურს, რომ შეინარჩუნოს დაფინანსება და უფასო საეთერო დრო, ამ შემთხვევაში მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ რომ იმოქმედონ შესაბამისად. წლის ბოლომდე თუ შემოვა, შემდეგ ერთი წლით აღარ შეუჩერდება. რამდენიმე სხდომა ჯერ კიდევ წინაა.
რაც შეეხება შინაარსს. ეს არ არის პოლიტიკური პარტიების დასჯა, დაფინანსებას და უფასო საეთერო დროს იღებენ იმისათვის, რომ ისინი სრულფასოვნად იყვნენ ჩართულები დემოკრატიულ პროცესში, როდესაც პარტია ამაზე ამბობს უარს და უპირისპირდება დემოკრატიულ პროცესს და მთავარ ინსტიტუტს-პარლამენტს, ასეთ შემთხვევაში ის არ უნდა სარგებლობდეს იმ პრივილეგიებით, რომელიც ამ დემოკრატიულ პროცესთანაა დაკავშირებული,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.