შემსუბუქდება თუ არა შეზღუდვები 24 დეკემბრიდან - ეს გაირკვევა მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრისა და სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელების შეხვედრა დასრულდება. შეხვედრას ბიზნესომბუდსმენიც ესწრება
როგორ უნდა გაკონტროლდეს რიგები და რა რისკები არის გასათვალისწინებელი შავი პარასკევის შემდეგ - ამ საკითხებზე საკოორდინაციო საბჭო კონკრეტულ გარანტიებს ელოდება.
სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ერთობლივად შეიმუშავეს გარკვეული შეთავაზებები, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნობენ. მათი თქმით, ნაკადების შესამცირებლად კონკრეტული შეთავაზებები ექნებათ.
"ვმართოთ ერთობლივი ძალებით ნაკადები, ამაზე შეთანხმება უნდა იქნეს მიღწეული. გასაგებია, რომ უსაფრთხო არ არის და ახლა სავაჭრო ცენტრებმა თუ არ იმუშავა, ძალიან რთული პერიოდი დაგვიდგება. გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, მოვისმენთ სხვის მოსაზრებებსაც და ვფიქრობ, რომ რაღაც კონსენსუსამდე მივალთ," - განაცხადა "ალტას" წარმომადგენელმა ნინო ფირცხალავამ.
"ისთ-ფოინთის შემთხვევაში თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თუნდაც "შავ პარასკევს" ყველაფერი იყო მოწესრიგებული, მაგრამ რადგან არის მოწოდება, რომ დამატებით გარკვეული ბერკეტები შევიმუშაოთ, "Retail-მა" და სავაჭრო ცენტრებმა ერთად შევიმუშავეთ. გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, რითაც ვფიქრობთ, რომ შევძლებთ ეფექტურ მუშაობას," - აღნიშნა "ისთ პოინტის" მარკეტინგის მენეჯერმა თეიკო ლომინაძემ
"ვფიქრობთ, რომ დილის 8 საათზე გახსნით გადავანაწილებთ ნაკადებს," - განაცხადა "Retail Group Georgia-ს" დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა.