პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი გირჩის პოზიციებსა და გეგემებზე საუბრობს. "დღის კურიერის" ეთერში რაქვიაშვილი ამბობს, რომ არ არის სწორი, გათვლა გაკეთდეს იმაზე, რომ ხალხი გავიდეს ქუჩაში, მოეწყოს ბუნტი და ამის შემდეგ მოხდეს პარლამენტში შესვლა.
"გირჩის" წევრი მთავარ გამოსავალს შექმნილ ვითარებაში მოლაპარაკებებსა და შეთანხმებაში ხედავს.
"ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში გამოვნახოთ შესაძლებლობა, შევთანხმდეთ. იმიტომ რომ ავირიდოთ თავიდან ეს მშიერი ბუნტი. არ იქნება სწორი, რომ ჩვენ გათვლა გავაკეთოთ იმაზე, რომ ხალხი გამოვა ქუჩაში, გაბრაზებული, მხოლოდ იმიტომ, რომ დაკარგა სამსახური, დაკარგა შემოსავალი და ჩვენ მერე ბელადებივით წინ წავუძღვეთ და შევიდეთ პარლამენტში. ეს არ უნდა იყოს ჩვენი გეგმა. შეიძლება ეს მოხდეს, მათ შორის, იმიტომ რომ "ქართული ოცნება" ისე მოიქცევა დესტრუქციულად, როგორც იქცევა, რომ გააგრძელოს დესტრუქცია და ჩვენი გადაწყვეტილების მიუხედავად, მოხდეს იგივე. ეს სხვა სიტუაცია იქნება, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვქონდეს გათვლა, რომ მოდით ახლა ხელი შევუწყოთ იმას, რომ ხალხი გაღატაკდეს, ქვეყანა თავზე დაემხოს "ქართულ ოცნებას" და მერე მოვიდეთ მთავრობაში. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის, რომ თუ გვაქვს შანსი მოვილაპარაკოთ, უნდა მოვილაპარაკოთ,“ - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.