საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა. განახლებულ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ახალი სახეა - იუსტიციის მინისტრად გიორგი გახარიამ გოჩა ლორთქიფანიძე შეარჩია.
გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილეა. ის ფოთში დაიბადა, დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის (ინგლისი) სამაგისტრო პროგრამა 1995 წელს; ჰარვარდის სამართლის სკოლის(აშშ) მაგისტრატურა 2004 წელს; 2011 წლიდან ფორდამის სამართლის სკოლის(აშშ) დოქტორანტი.
1991-2005 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში.
2007-2010 წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი იყო, 2010-2013 წლებში კი ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი.
2013 წლიდან ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეა, პარლამენტის მიერ მთავრობის დამტკიცების შემთხვევაში კი ის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.