ოპოზიცია აქციებს აანონსებს. მათი გეგმები უკავშირდება გაზაფხულს. იქამდე კი შეეცდებიან, რომ "ქართული ოცნება" აიძულონ და ჩაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. დღის წესრიგზე შიდა კონსულტაციებს დღეს "ლეიბორისტული პარტია" მასპინძლობდა. სურვილების მისაღწევად ხელისუფლების მოწინააღმდეგეები განიხილავენ ყველა გზას.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ყველა ლეგიტიმურ ინსტრუმენტს გამოიყენებს.
"აქციები არც შეწყვეტილა აქტივისტების მხრიდან, ამიტომ სხვადასხვა ინტენსივობით იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების მხრიდან რეაქცია ამაზე. ყველა ლეგიტიმური ინსტრუმენტის გამოყენება მოხდება იმისთვის, რომ ქვეყანას მეტი ზიანი ავაცილოთ," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლებისთვის წამზომი ჩართულია, საპროტესტო აქციები კი ამ პროცესს დააჩქარებს.
"ხელისუფლებისთვის წამზომი ჩართულია, საპროტესტო აქციები კი ამ პროცესს დააჩქარებს. ალტერნატიულ-სახალხო-საკონსულტაციო პარლამენტის, პლატფორმის თემა განხილვაშია. ასევე, განხილვაშია საყოველთაო საპროტესტო მოძრაობის განახლებაც და ივანიშვილის მიმართ გლობალური ფინანსური სანქციების გატარების საკითხი ევროკავშირიდან, აშშ-დან, რომელსაც ხელს მოაწერს მთელი ოპოზიცია. ნუ მიგვიყვანენ აქამდე," - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
"კანონი და სამართლის" ლიდერის თაკო ჩარკვიანის თქმით, ბრძოლა დაიწყო და აქციებით გაგრძელდება.
"უმნიშვნელოვანესი ბრძოლა აქციებით, შეკრებებით გრძელდება, ჩვენ მივიღებთ ერთ დოკუმენტს, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება მედიისთვისაც, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ რაიმეზე ვამბობთ უარს. ოპოზიცია დიალოგისთვის მუდმივად მზადაა," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
"ლელოს" წევრის საბა ბუაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა ვერსია, თუ როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია. ბუაძის შეფასებით, ქვეყანა იმყოფება ღრმა პოლიტიკურ კრიზისში.