პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური დასჯა - სამოქალაქო სექტორი უმრავლესობას რიტორიკას და არსებული კრიზისის გადაჭრის პროცესში პასუხისმგებლობას უწუნებს. არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილების მიზეზი მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტი გახდა, რაც მანდატებზე უარის მთქმელი პოლიტიკური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებს.
ის, რასაც სამოქალაქო სექტორი მუქარად და სადამსჯელო ღონისძიებებად აღიქვამს, კანონპროექტის ინიციატორისთვის არსებულ პოლიტიკურ კონტექსტთან თავსებადია. მმართველი გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ აღნიშნული ინიციატივა ნებისმიერ ორგანიზაციასთან განიხილოს.
უმრავლესობას შანტაჟში ადანაშაულებს ოპოზიცია. მმართველი გუნდის პოლიტიკური ოპონენტები მოლაპარაკების პროცესის დაზიანების გარდაუვალობაზეც საუბრობენ. ოპოზიციის ნაწილი პროცესების პოლიტიკურ ჩიხში შეყვანის გამო პასუხისმგებლობას მთლიანად "ქართულ ოცნებას" აკისრებს, ნაწილი კი, ამ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდსა და ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფებსაც თანაბრად აკისრებს. რაც ოპოზიციის შეფასებით, პოლიტიკური ოპონენტების შანტაჟია, "ქართული ოცნებისთვის" სამართლიანობაა.
მმართველი გუნდი ოპონენტებს, რომლებმაც საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს, პოლიტიკურ მორალზე მიუთითებენ და მოლაპარაკებების ჩაშლის ბრალდებებზე კონტრბრალდებებით პასუხობენ.