კარლ ჰარცელის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ მანდატების შეჩერებაზე განცხადების შეტანა შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო - ოპოზიციური სპექტრი გამოეხმაურა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ ხელისუფლების ქმედებებს და მათივე განცხადებით, თუკი მსგავს ქმედებებს მმართველი გუნდი არ შეწყვეტს ოპოზიციის მისამართით, ისინი ელოდებიან, რომ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები უფრო მკვეთრი იქნება.
"თუ ბიძინა ივანიშვილი მოლაპარაკებების ნაცვლად აპირებს, რომ პოლიტიკური რეპრესიების გზას დაადგეს, ამაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი. ვფიქრობ, ეს გზავნილი ჩვენ გავიგეთ ძალიან ნათლად, როგორც თბილისში, ასევე ვაშინგტონში. როდესაც ხელისუფლებას არ ესმის საკუთარი ხალხის, ჩვენ გვაქვს იმის გამოცდილება, რომ ხალხი ამ დროს ქუჩაში გამოდის, რომ მათ საკუთარი ხმა გააგონოს. ეს დემოკრატიული პროცესების ნაწილია," - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.
უსამართლო თამაშის წესები - ასე აფასებენ პარტია "ლელოში" ხელისუფლების ნაბიჯებს, რომელიც ოპოზიცური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს.
"მანდატებზე უარის თქმა არ არის ჩვენთვის პოლიტიკური ბრძოლის ყველაზე მოსაწონი ხერხი, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" შექმნა ისეთი პოლიტიკური ჩიხი, რომლიდანაც გამოსავალი ამ სიცრუის პარლამენტისგან გამიჯვნაზე გადის,"- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.
"გირჩის" თავმჯდომარე იაგი ხვიჩიას განცხადებით კი, სანამ ოპოზიცია დესტრუქციული იქნება, უნდა იფიქროს იმაზე თუ რა შეიძლება მოყვეს ასეთი ხალხის მონაწილეობით მაგიდის აყირავებას.
"ისინი გვეუბნებიან, აზრზე მოდითო, ამას აკეთებს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია და ამბობენ, რომ მოდით ისეთი შეთავაზებით, რომ შეთანხმება შესაძლებელი იყოსო. გავითვალისწინებთ თუ არა ამას, ეს ჩვენი პრეროგატივაა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მაგ ხალხზე უფრო სანდო მეგობარი, რომლებთან ერთადაც ჩვენ ამ უცნაურ მსოფლიოში უნდა ვიმოგზაუროთ, არ არსებობს. სანამ დესტრუქციულები ვიქნებით, უნდა ვიფიქროთ ყველაფერზე, რაც შეიძლება მოყვეს ასეთი ხალხის მონაწილეობით მაგიდის აყირავებას," - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
გიგა ბოკერიას თქმით კი რევოლუცია ძალიან სარისკოა ქვეყნისთვის, მაგრამ სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო ვადამდელი არჩევნები.
"შეფასებას და შეშფოთებას იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც "ქართულ ოცნებას" აქვს, ვიზიარებთ, რადგანაც რეგისტრაციის გაუქმების მუქარა, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც სადამსჯელო საკანონმდებლო ინიციატივები, იმის პასუხად რომ არ მოსწონთ ოპონენტების საქციელი, კანონის უზენაესობის საპირისპირო ამბავია და პუტინის რუსეთისაკენ მავალი გზა. დიქტატურასთან შეგუება კატასტროფაა, რევოლუცია კი ძალიან სარისკოა ქვეყნისათვის, მაგრამ სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო ვადამდელი არჩევნები,"- აღნიშნავს ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.