ევროკავშირის ელჩის მოწოდებებს წინ, ოპოზიციის განცხადებები ე.წ. მშვიდობიან რევოლუციაზე უძღოდა. ოპოზიცური სპექტრი რევოლუციის სახით აქციებს აანონსებს და როგორც ისინი ამბობენ, ეს პროტესტი ვადამდელი არჩევნების დანიშვნისაკენ იქნება მოწოდებული.
"როდესაც ხელისუფლება არ ტოვებს სხვა შანსს, რომ მოლაპარაკების გზით მოხდეს ის პროცესები, რაც საქართველოს მოქალაქის დაკვეთაა, საპროტესტო აქციების გარდა, სხვა გამოსავალს ხელისუფლება არ ტოვებს," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე.
"ლელოში" კი აცხადებენ, რომ ვისაც იმის არ სჯერა, რომ ოპოზიციას მოლაპარაკებები ნამდვილად სურს და მათი მიზანი აქციების ჩატარებაა - მტკნარი სიცრუეა.
"შესაძლოა ვიღაცამ პროპაგანდა დაუშვას, რომ თითქოს ოპოზიციას მოლაპარაკება არ უნდა და აქციები უნდა, მაგრამ სრული ტყუილი და მტკნარი სიცრუეა. ოპოზიციას სრული შემადგენლობით უნდა მოლაპარაკებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ხელისუფლება ამაზე არ მოდის, ჩვენ პარლამენტის მანდატები უნდა გავცვალოთ სხვა შემოთავაზებულ პაკეტებზე," - აღნიშნავს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე.
როგორც ოპოზიციურ სპექტრში განმარტავენ, მათ მიერ სიტყვა რევოლუციის ხსენება კანონიდან გასვლის მეთოდებს ნამდვილად არ ეხება.
"კანონიდან გასვლის მეთოდები, რევოლუცია და მსგავსი რამ - არ განიხილება. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ მშვიდობიან პროტესტზე. რევოლუციური ცვლილებები კი შეიძლება მივიღოთ და ვადამდელი არჩევნები იქნება," - აცხადებს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.