"შევეშვათ რევოლუციის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებას. ეროვნული მოძრაობის ყველა ფლანგის ლექსიკონში რევოლუცია მხოლოდ ნეგატიური რამ იყო და იმიტომ”, - ასეთია დავით ბერძენიშვილის განცხადება მას შემდეგ, რაც მისივე ბლოკში შემავალი პარტიის ლიდერმა ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე, მაშ შორის რევოლუციურ სცენარზე ისაუბრა.
"ეს პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში. გადაიზრდება და ტრანსფორმირდება შეიძლება, მათ შორის, დიახ, მშვიდობიან რევოლუციაში"- ნიკა მელიამ ამ განცხადების შემდეგ განმარტებაც გააკეთა და ფეისბუკზე დაწერა, რომ ვისაც სიტყვა რევოლუცია ეხამუშება, მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო პროტესტის შედეგად ხელისუფლება იძულებულია გადადგეს და ინიშნება ვადამდელი არჩევნები.
თემას ეხმაურებიან "სტრატეგია აღმაშენებელშიც". სერგო ჩიხლაძის თქმით, ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს არ განიხილავს. რაც შეეხება ოპოზიციის სხვა წევრების გაკეთებულ განცხადებებს, ჩიხლაძის თქმით, ამაში ხელისუფლების მხრიდან დათმობები და ვადამდელ არჩევნები იგულისხმებოდა:
"ოპოზიციის ყველა შეხვედრის მონაწილე ვარ, არსად არ განხილულა რევოლუციური სცენარი, ან პირდაპირ, ან ირიბად, ან გადაკვრით. ნიკა მელიამ თვითონ განმარტა რას გულისხმობდა. ეს ნიშნავს დათმობებს ხელისუფლების მხრიდან და ვადამდელ არჩევნებს. რაც შეეხება ჩვენს პარტიას სტრატეგია აღმაშენებელს, ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტიული დღის წესრიგი, რომელიც გულისხმობს პარტიის გაძლიერებას, ადამიანური რესურსების მოზიდვას, რეგიონების გაძლიერებას და ვრჩებით ერთგული ოპოზიციის საერთო პოზიციის და ველოდებით მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.