მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია ძალადობრივ მოქმედებებს გულისხმობს და პარტიების ლიდერების განცხადებები ძალადობისკენაა მიმართული.
"რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით ვიცით რას გულისხმობს მელია, რას გულისხმობს ბერძენიშვილი და ყველა. ესენი გულისხმობენ ძალადობრივ მოქმედებებს, როგორც 2003 წელში მოხდა იმ ელემენტებს დამატებული ის, რასაც ადგილი ჰქონდა გასული წლის ივნისში, პარლამენტში ძალადობრივი შემოჭრის გზით. ძალადობისკენ არის მომართული ყველა განცხადება, რომელიც თუნდაც ურთიერთსაწინააღმდეგო იყოს ამ კონგლომერატიდან, რომელიც იკრიბება ნათელაშვილის ეზოში," - აცხადებს ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
შეგახსენებთ, რევოლუციური სცენარი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა რამდენიმე დღის წინ ახსენა, თუმცა ნიკა მელიას განცხადების შემდეგ განმარტების გაკეთებაც მოუწია და "ფეისბუკზე" დაწერა, რომ მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო პროტესტის შედეგად ხელისუფლება იძულებულია გადადგეს და ინიშნება ვადამდელი არჩევნები.