17 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
მივალთ ერთადერთი რამისთვის - უნდა მოვისმინოთ ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით - ზაალ უდუმაშვილი მე-5 რაუნდზე

ოპოზიცია მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინშია. კონსულტაციები დაპირისპირებულ მხარეებს შორის ელჩების შუამავლობით, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას უნდა შედგეს.

"ველოდებით მე-5 რაუნდის დანიშვნას, როგორც კი ეს რაუნდი დაინიშნება, ჩვენ მზად ვართ, მივიდეთ მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმ ინიცირებული კანონპროექტებისა, რომელიც გაჟღერდა ბოლო დღეების განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, ქმნის უმძიმეს ფონს ამ მოლაპარაკებებზე, თუმცა ჩვენ მაინც მივალთ ერთადერთი რამისთვის - უნდა მოვისმინოთ ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი. 

ოპოზიცია კვლავაც აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" განცხადებების და ინიციატივების მიუხედავად მზად არიან მოლაპარაკებისთვის.

"ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა გადის მოლაპარაკებასა და შეთანხბეაზე, რომელიც, პირველ რიგში, უნდა გაიმართოს ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, პროგრესი არ არის. ბუნებრივია, ოპოზიცია გამოიყენებს ყველა ლეგიტიმურ გზას, იქნება ეს საპროტესტო აქციები თუ ნებისმიერი სხვა ფორმა," - აღნიშნავს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ მოლაპარაკების მე-5 რაუნდზე, ხელისუფლებამ გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას.

"სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან გვესმის იმის საპირისპირო მოსაზრებები, რაც წესით უნდა ისმოდეს, თუმცა ჩვენ გვინდა რომ მოლაპარაკებას შედეგი ჰქონდეს. ხელისუფლებამ კი, გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ საბოლოოდ განიმუხტოს ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს გვაქვს," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგი წერეთელი.

ხელისუფლების ოპონენტები ვითარების განსამუხტად კონკრეტულ წინადადებას სწორედ მმართველი გუნდისგან ელოდებიან.

"არ გამოვრიცხავთ, რომ თვითონ "ქართული ოცნებაც" მოვიდეს რაღაც კომპრომისული წინადადებით, რადგანაც, ჯერჯერობით, მათგან მხოლოდ "არა" გვესმის. შესაბამისად, თუ მათ რაიმე კომპრომისული ვარიანტი აქვთ, ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვართ დესტრუქციულად მომართულები და განვიხილავთ მათ წინადადებებს," - აღნიშნავს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების"მხრიდან, მთავარი მოლაპარაკების ხელშეწყობის რიტორიკა არ არსებობს, რაც მისი თქმით, ხელს უშლის მოლაპარაკების პროცესს.

"ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ ამ კვირაში შესაძლოა რაღაც ნაბიჯი გადავდგათ მოლაპარაკებისკენ, რადგანაც ამას ელჩებიც მოგვიწოდებენ, თავად ოპოზიციაშიც არის იმის განწყობა, რომ ბოლო შანსი გამოვიყენოთ. ამას კი ერთადერთი რაც ხელს უშლის არის ის, რომ "ქართული ოცნების"მხრიდან, მთავარი მოლაპარაკების ხელშეწყობის რიტორიკა არ არსებობს," - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი. 

დღის ამბები