2 საათია პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას განიხილავს. ამ წუთებში მოსმენა 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობს. მმართველი გუნდის დეპუტატებს საკუთარ პროგრამას მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური გუნდი აცნობს.
"ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია ესწრებოდეს ამ განხილვებს. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ჩვენს კომიტეტში მუშაობდა და ჩვენთან თანამშრომლობდა, ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა თემის განხილვაში. მათი მოსაზრებები ხშირად სხვა კუთხით ახედებდა საკითხებს. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ბლოკის მიმართულება, სადაც წარმოდგენილები არიან ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრები, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ამიტომ შეკითხვები ყველა მიმართულებით იქნება. მე ველოდები ობიექტურ პასუხებს," - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.
ის, რომ ოპოზიცია განხილვის პროცესში არ მონაწილეობს, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანისთვის დისკომფორტს არ წარმოადგენს. როგორც ის აღნიშნავს, ამ შემთხვევაში, დისკომფორტს თავად ოპოზიცია უნდა განიცდიდეს.
"დისკომფორტი უნდა შეექმნათ იმათ, ვისაც კითხვები აქვთ და ვერ სვამენ. ჩვენ კი დავსვამთ იმ კითხვებს, რაც გაგვაჩნია და გავიგებთ პასუხს. რა თქმა უნდა, სასურველია პროცესს ოპოზიციაც ესწრებოდეს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ განსახილველ თემებს შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, პანდემიის შედეგად დაზარალებული სექტორები იქნება.
"ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იქნება პანდემიის შედეგად დაზარალებული სექტორები და ბიზნესსექტორის აღდგენის გეგმები. 2024 წლამდე მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება სოფლის მეურნეობის სექტორში. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩამოვყალიბდეთ იმ პრიორიტეტებზე და შევთანხმდეთ იმაზე, თუ რა იქნება პრიორიტეტები. მე ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობაში იმპორტის ჩანაცვლება უმნიშვნელოვანესია,"- აღნიშნავს ნინო წილოსანი.
მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა - თეა წულუკიანის ნაცვლად, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა, გიორგი გახარიამ იუსტიციის მინისტრად გოჩა ლორთქიფანიძე წარადგინა.
მთვრობას ნდომას პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატები ხუთშაბათს გამოუცხადებენ.