პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობის მოსმენას ოპოზიცია არ ესწრება. ოპოზიციის შეფასებით, პროცესს, რომელიც ახლა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს, ფორმალური ხასიათი აქვს.
"სიმბოლური აქტია ერთპარტიული პარლამენტის მიერ, ლურჯი მთავრობის დამტკიცება, რომელსაც არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის. პირიქით, ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოში თითოეული ადამიანი უფრო და უფრო ღარიბდება," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.
"წარმოიდგინეთ პროცესი, როდესაც მხოლოდ ერთი პარტიაა პარლამენტში, რა ინტერესი უნდა არსებობდეს. ერთადერთი ინტერესი იქნება ალბათ ის, რომელიმე მინისტრს შეუძლია თუ არა, ლაპარაკი. პროცესი შინაარსისგან დაცლილია, რადგანაც მთელს სიმწვავეს აძლევს ამ პროცესს ის, რომ ოპოზიცია სვამს კითხვებს და ამაზე ისმენს საზოგადოება პასუხს. ამიტომ, ეს სუფთა ფორმალური პროცედურაა," - აღნიშნავს გიგი წერეთელი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის შეფასებით, პარლამენტი უცნაურად დაამტკიცებს მინისტრთა კაბინეტს, რადგან მინისტრობის კანდიდატები არცერთ კრიტიკულ კითხვას არ მოისმენენ.
2 საათია პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას განიხილავს. ამ წუთებში მოსმენა 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობს, მმართველი გუნდის დეპუტატებს საკუთარ პროგრამას მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური გუნდი აცნობს. მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა - თეა წულუკიანის ნაცვლად, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა, გიორგი გახარიამ იუსტიციის მინისტრად გოჩა ლორთქიფანიძე წარადგინა. მთვრობას ნდომას პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატები ხუთშაბათს გამოუცხადებენ.