17 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
ამ ამნისტიის პროექტში არის ის, რაც 2012 წლის პროექტში არ ყოფილა, ეს არის სისხლის სამართლის ჯარიმებზე ამნისტია - თეა წულუკიანი

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ამჟამად კი საქართველოს პარლამენტის წევრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ამნისტიის კანონი, რომელზეც პარლამენტი მუშაობას იწყებს, გაცილებით ყოვლისმომცველია, ვიდრე ეს იყო 2012 წელს.

ამის მაგალითად მას სისხლის სამართლის ჯარიმებზე ამნისტია მოჰყავს და აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტით არც უვადოდ თავისუფლება აღკვეთილი პირები არიან დავიწყებული. თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო რუსეთისა და თურქეთის შემდეგ, ევროსაბჭოს სივრცეში იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ყველაზე მეტი პატიმარია და ამას სამწუხარო უწოდა.

"საქართველო, რუსეთისა და თურქეთის შემდეგ, სამწუხაროდ კვლავ არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა  ევროსაბჭოს სივრცეში, რომელსაც ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს. სანამ მე თანამდებობას დავტოვებდი იმ მდგომარეობით, დღეს ალბათ არ შეცვლილა დიდად. 7500 მსჯავრდებული და 2500 ბრალდებული ჰყავს ქვეყანას, რაც პატარა ქვეყნისთვის ბევრია. ამ ამნისტიის პროექტში არის ის, რაც 2012 წლის პროექტში არ ყოფილა, ეს არის სისხლის სამართლის ჯარიმებზე ამნისტია. ვინაიდან 2012 წელს მაშინდელმა ჩვენმა კანონმდებელმა დაივიწყა უვადოდ თავისუფლება აღკვეთილი პირები და მათ ეს მწარედ ახსოვთ, მინდა დღეს ვუთხრა მათ თქვენი ყველას სახელით, რომ ამ პროექტით უვადო პატიმრები არ არიან დავიწყებულები. ეს ვერ შეეხება, რა თქმა უნდა ოჯახში ძალადობას, იმიტომ, რომ შეიძლება უფრო ცუდ შედეგებამდე მივიდეთ. გეტყვით, რომ ეს პროექტი ალბათ საზოგადოებისთვის ბოლომდე დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები