5 საათია პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენს. ამ წუთებში 4 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც საუბარი უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა. მმართველი გუნდის დეპუტატებმა იქამდე მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური გუნდის პროგრამა მოისმინეს.
დეპუტატების კითხვების უმეტესი ნაწილი შეეხება მინისტრობის კანდიდატების მიერ უკვე ჩატარებულ საქმეებსა და მათ სამომავლო გეგმებს. ასევე, დეპუტატების კითხვეები შეეხებოდა პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, როგორ ხედავენ მინისტრობის კანდიდატები ეკონომიკის ზრდის პოტენციალს და რა გამოწვევების წინაშე დადგება ქვეყანა 2021 წელს.
4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 40-მდე დეპუტატმა დასვა შეკითხვა.
"ყველა რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი იქნას შეფასებული, პროფილები გამოიკვეთოს და გამზადებული საინვესტიციო პაკეტები დავახვედროთ პოტენციურ ინვესტორებს. სხვაგვარად ამ გარემოში, ამ დაძაბულ რეგიონში, ინვესტორმა თავი კომფორტულად თუ არ იგრძნო, რატომ უნდა შემოვიდეს ცოტა გაუგებარია," - მიმართა უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა მინისტრობის კანდიდატს.
გარდა ამისა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ შეკითხვებით ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას მიმართა.
"ვიქნები ერთ-ერთი ლობისტი, რომ ბიზნესმა თქვენთან მაქსიმალურად კონტაქტი დაამყაროს და თან ეფექტიანად. აქამდეც იყო, თუმცა, უფრო გავაძლიეროთ. კარგი გაგებით, არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს, ეს მინდა წინასწარ მომიტევოთ.
ანაკლიის პორტი, ეს პროექტი არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. კონკრეტული გეგმები მაინტერესებს, თუ როდის შეიძლება ჩვენ ამაზე ვისაუბროთ," - მიმართა ზარქუამ თურნავას.
დეპუტატების კითხვებს თავის მხრივ უპასუხეს მინისტრობის კანდიდატებმა. მაია ცქიტიშვილის პასუხი ანაკლიის პორტის საკითხს შეეხებოდა.
"სამწუხაროდ, ინვესტორმა ვადებულებების შესრულება ვერ მოახხერხა, ახლა ჩვენ გვიწევს ხელახლა ამ პროცესის თავიდან დაწყება და ინვესტორის მოძიება, რომელიც უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ პროცესს," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ნათია თურნავამ კი მცირე საწარმოების მიმართულებით გამოყოფილ თანხებზე ისაუბრა.
"მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი 2021 წლის არის საკმაოდ მომჭირნე, 154 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, რომელიც უპირატესად ემსახურება მცირე საწარმოებს და მთლიანად დაიხარჯება ამ მიმართულებით," - განაცხადა ნათია თურნავამ.