სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალის" დირექტორის ლევან ყარალაშვილის განცხადებით, მათ ხელისუფლებასთან პირველი თხოვნის შემდეგ, რომელიც მოლების გახსნას 24-მდე ითვალისწინებდა, ჰქონდათ ის მოთხოვნაც, რომ თუ 24-ში გაიხსნებოდნენ, სამუშაო საათები გაზრდილიყო და არა 7 საათამდე, არამედ უფრო გვიანობამდე ემუშავათ.
"ჩვენ თხოვნა, რაც ხელისუფლებისადმი გვქონდა მოიცავდა იმას, რომ 24-ზე უფრო ადრე გავხსნილიყავით. ჩვენი ინდუსტრიისთვის დეკემბერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მთელი წლიური ბრუნვის თითქმის 25%-ის გენერაცია ხდება ამ თვეში და ამიტომ, 24-მდე გახსნა კრიტიკული იყო ამ დარგის გადასარჩენად. ბოლო კომუნიკაციაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შედგა, ვისაუბრეთ იმაზე, რომ დღეში საათების რაოდენობასაც კი აქვს მნიშვნელობა, ამიტომ, ვთქვით, რომ თუკი 24-დან გავიხსნებოდით, იქნებ გვიანობამდე გვემუშავა, რათა უკეთესად გვემართა ნაკადები. აღსანიშნავია, რომ ყველა სავაჭრო ცენტრი სრულად არის აღჭურვილი იმისათვის, რომ ნაკადები მაქსიმალურად ვმართოთ," - აღნიშნავს ლევან ყარალაშვილი.
ლევან ყარალაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოლებში 24 დეკემბრიდან, რიგების მართვის 2 ეტაპი მოეწყობა.
"ჩვენ რიგების მართვას 2 ეტაპად გავაკეთებთ, ერთი იქნება მოლების გარეთ, სადაც სპეციალური ბარიერები მოეწყობა ზიგზაგურად და მაღაზიების შიგნითაც კი იქნება მოწყობილი რიგების მართვის მსგავსი სისტემა.
მინდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ვთქვა, ჩვენ, როგორც დარგმა, კონკრეტული საგადასახადო შეღავათი მოვითხოვეთ, ეს ქონების გადასახდის პატიება იყო 2020 წელში და მზად ვართ, მიუხედავად იმისა, იანვრის თვეში როგორი იქნება პანდემიური სიტუაცია, ამით შევინარჩუნებდით ჩვენთან დასაქმებული პერსონალის მინიმუმ 80%-ს. თუმცა, სამწუხაროდ, ამაზე პასუხი, ჯერჯერობით, არ მიგვიღია. ჩვენ არ ვითხოვთ სუბსიდირებას, ჩვენ ვამბობთ, რომ როდესაც მოლი დაკეტილია წლის განმავლობაში თითქმის 4 თვე, საგადასახდო იგივე ტვირთად არ უნდა გვქონდეს," - აცხადებს ლევან ყარალაშვილი.