17 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ეს არის ის ოქროს შუალედი, რომლის დაწესების საშუალებაც და მექანიზმებიც დღეს ჩვენ გვქონდა - ბექა ფერაძე საახალწლო რეგულაციებზე

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ "დღის კურიერის" ეთერში იმ რეგულაციებზე ისაუბრა, რომელიც ეპიდსიტუაციის გამო ქვეყანაში საახალწლო დღეებში იმოქმედებს.

ბექა ფერაძემ ისაუბრა, მათ შორის, სავაჭრო მოლების მუშაობაზეც და აღნიშნა, რომ როგორც მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ასევე სავაჭრო ცენტრების შემოსავლების შენარჩუნების მიზნით, უნდა  წახალისდეს  სავაჭრო ცენტრში მომხმარებლის დილით მისვლა, უნდა იქნეს გამოყენებული დილის ფასდაკლებები და ნაკადები უნდა შემსუბუქდეს საღამოს საათებში, როდესაც შეზღუდვების საათები ახლოვდება.

ბექა ფერაძემ სავაჭრო მოლების მხრიდან უკმაყოფილებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მთავრობამ მიიღო მაქსიმალურად მსუბუქი შეზღუდვები, რის საშუალებასაც რეალობა აძლევდა:

"ჩვენ გვესმის, რომ ეს შეიძლება არ იყოს იდეალური გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ არჩევანს. წამყვანმა ევროპულმა ქვეყნებმა, ჩვენზე ეკონომიკურად ძლიერმა ქვეყნებმა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში საერთოდ შეზღუდა ახალი წლის დღეებში ნებისმიერი აქტივობა და ძალიან მკაცრია მათი მხრიდან დაწესებული მოთხოვნები. ის შუალედური პოზიცია,რაც საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული, ითვალისწინებს იმას, რომ ეკონომიკური ინტერესები, ამ შემთხვევაში სავაჭრო მოლების, იქნეს გათვალისწინებული და ამასთანავე, ეპიდემიოლოგიურად ჩვენ დავიზღვიოთ თავი. ჩვენც აბსოლუტურად კარგად გვესმის, რომ ეს არის დისკომფორტის შემქმნელი და იდეალური არ არის, მაგრამ მეტი გამოსავალი დღეს რეალურად ქვეყანაში არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ის ოქროს შუალედი და ბალანსი, რომლის დაწესების საშუალებაც და მექანიზმებიც დღეს ჩვენ გვქონდა,"- განაცხადა ბექა ფერაძემ.

საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვის ძალაში დატოვებას ბექა ფერაძე შემცირებული მობილობის შენარჩუნებით მიზნით ხსნის.

მისი თქმით, შემცირებული მობილობა მნიშვნელოვნად მოქმედებს ვირუსის გავრცელების მასშტაბზე.

წამყვანის კომენტარზე, რომ სატრანსპორტო კომპანიებს საახალწლოდ საქალაქთაშორისო მოძრაობის აღდგენის მოლოდინი ჰქონდათ და შესაბამისად, ბილეთებიც გაყიდეს, ბექა ფერაძემ უპასუხა, რომ კონკრეტულად, ამ თემასთან დაკავშირებით ის ინფორმაციას მოიკვლევს, თუმცა მისი თქმით, ეპიდსიტუაციის დინამიურობის გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიღება უახლოეს ფაქტებზე დაყრდნობით უწევს, შესაბამისად, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

 

დღის ამბები