დეპუტატები 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვანი უწყებების მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. საკუთარი პროგრამა "ქართული ოცნების" დეპუტატებს შინაგან საქმეთა, თავდაცვის, და შერიგებისა და იუსტიციის მინისტრობის კანდიდატებმა წარუდგინეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის თქმით, სამართალდამცველთა მუშაობის შედეგად დანაშაული გასულ წელთან შედარებით შემცირდა 10%-ით:
"მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ჩვენი ძირითადი საქმიანობის კუთხით და ამ მიმართულებით უმთავრესი, რა თქმა უნდა, გახლავთ კრიმინალთან ბრძოლა. სამართალდამცველთა მუშაობის შედეგად დანაშაული გასულ წელთან შედარებით შემცირდა 10%-ით, კლების მნიშვნელოვანი ტენდენცია გვაქვს ისეთ დანაშაულებზე, რაც გავლენას ახდენს ქვეყნაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ, ყაჩაღობა შემცირდა 42%-ით, გამოძალვა 34%-ით, ძარცვა 25%-ით. ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, არსებული მონაცემები კი საპირისპიროს ადასტურებს და მსგავსი განცხადებები მხოლოდ პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
გაგრძელდება ავტოპარკის განახლება, როგორც საპატრულო პოლიციაში, ასევე კრიმინალური პოლიციის რეგიონალურ დანაყოფებში. ასევე, მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება და რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა, გაუმჯობესდება და განახლდება რადიოკავშირის საშუალებები. გაგრძელდება დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის განახლება ახალი იზოლატორების მშენებლობა. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო პუნქტი 30 იზოლატორიდან 23-ში ფუნქციონირებს. სამომავლოდ დარჩენილ 7 იზოლატორშიც გაიხსნება შესაბამისი სამედიცინო პუნქტი," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.