17 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ პარტიების დაფინანსებაზე "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივა დემოკრატიულ პროცესს აზიანებს

პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს ოპოზიციაში სადამსჯელო ზომად აღიქვამენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს:

"პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი არ არის უმნიშვნელო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენ თავის დროზე ეს კანონი, რათა პოლიტიკური პარტიები ბიუჯეტიდან ლეგალურად დაფინანსებულიყო  მხარდაჭერის შესაბამისად.

ძალიან ვწუხვარ, რომ დრეს "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა და განიზრახა, რომ დემოკრატიის ხელშემწყობი პროცესი შეაფერხოს და ამით ცდილობენ გარკვეული ზეწოლა მოახდინონ ოპოზიურ პარტიებზე. მათი მიზანი არ გამოვა და საბოლოო ჯამში, როგორც ყველა მათი გადაწყვეტილება, აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს," - აცხადებს დავით კირკიტაძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძეც მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ინიცირებული კანონპროექტი დემოკრატიის ჩარჩოებიდანაა გასული და ებრძვის პლურალიზმს:

"ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი, როგორც ქვეყანაში შიგნით საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მიუხედავად მკვეთრი გზავნილებისა ევროსაბჭოსაგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, "ქართულმა ოცნებამ" მაინც მოახდინა ამ კანონპროექტის ინიცირება, იმედს ვიტოვებ რომ არ გავა ეს კანონპროექტი, აღარ გადავა მეორე მესამე მოსმენებში და არ დაამტკიცებენ ამ კანონს, თუ დაამტკიცებენ ეს იქნება კიდევ ერთი გზავნილი "ქართული ოცნების", რომ ისინი გავიდნენ დემოკრატიის ჩარჩოდან და ებრძვიან პლურალიზმს," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დღის ამბები