პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე "პატრიოტთა ალიანსის" სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ ენუქიძესთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
მდინარაძე ენუქიძის გადაწყვეტილებას მიესალმება.
"მე ეს ამბავი გავიგე თქვენგან, ჯერჯერობით, არ მაქვს ინფორმაცია. ძალიან კარგია თუ რომელიმე ადამიანი, რომელმაც დეპუტატის მანდატი მოიპოვა, ამბობს თანხმობას იმასთან დაკავშირებით რომ შემოვიდეს და თავისი საქმე, რაც დაავალა ამომრჩეველმა შეასრულოს. არანაირი კომუნიკაცია ამ ადამიანთან ჩვენ არ გვქონია," - განაცხადა მდინარაძემ.
გარდა ამისა, მდინარაძე ოპოზიციას სთავაზობს, მათი მონაწილეობით შექმნილმა კომისიამ შეაფასოს, არის თუ არა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ 1%-იანი გადახრა.
"პლებისციტზე კი არა. პირდაპირ რიგგარეშე არჩევნებზე მივყვებით თუ 1%-იანი გადახრა იქნება ჩვენს სასარგებლოდ. მათი მონაწილეობით შექმნილმა კომისიამ შეაფასოს, მათი მონაწილეობით მოძიებულმა მტკიცებულებებმა თქვას, რომ 1%-იანი გადახრა იყო "ქართული ოცნების" სასარგებლოდ და არა თუ პლებისციტს, ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს. ახლა გაცილებით მეტია არჩევნები მათი მოთხოვნის ფარგლებში," - აღნიშნა მდინარაძემ.
"კურიერის" ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსის" სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის.
ინფორმაციას "კურიერთან" თავად ენუქიძე ადასტურებს. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ოპოზიციის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია და პარტიებმა ეს ბერკეტი ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის უნდა გამოიყენონ.