საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა, რომელიც პარტიების დაფინანსების წესს ეხება, იანვრის ბოლოსთვის გადაიდოს. მანამდე კი ცვლილებათა კანონპროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში ან ოდირში და სწორედ მათი პოზიციების გაცნობის შემდეგ დაბრუნდეს საკითხი განსახილველად.
ირაკლი კობახიძე მსგავსი ინიციატივით გამოვიდა კიდევ ერთი კანონპროექტის შესახებ, რომელიც საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება. კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია, ასეთი ნაბიჯის შემდეგ ოპოზიციასა აღარ დარჩება საბაბი ილაპარაკოს ხარვზებზე.
"დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავაგზავნოთ ეს პაკეტი ან გნებავთ ვენეციის კომისიაში ან გნებავთ - ოდირში. დაველოდოთ მათ პოზიციას მეორე მოსმენამდე, ანუ შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა სადღაც იანვრის ბოლომდე, დაველოდოთ ვენეციის კომისიიის ან ეუთო/ოდირის ან ორივეს პოზიციას და ამის შემდეგ განვაახლოთ კანონპროექტების განხილვა მეორე მოსმენით.
ზუსტად იგივე ინიციატივა ჩვენ შეგვიძლია გავაჟღეროთ მეორე კანონპროექტთან მიმართებით, რომელიც წინა კვირაში დაინიცირდა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომლის ლიდერიც არის არამოქალაქე ან არ აკმაყოფილებს რომელიმე საკონსტიტუციო ცენზს. ამ შემთხვევაშიც ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ შესაბამისი კანონპროექტი ვენეციის კომისიაში ან ოდირში ან ორივე ამ ინსტიტუციაში, დაველოდოთ მათ პასუხს და სადღაც იანვრის ბოლოს განვაახლოთ ამ კანონპროექტების განხილვა მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებთ სამართლებრივ პოზიციას ერთი, მეორე ან ორივე ინსტიტუტის მხრიდან. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ საბაბიც არ დარჩება ამ კანონპროექტების მიმართ კრიტიკისთვის და შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად წელში გამართულიც და ასევე პირნათელი ყველას და ყველაფრის მიმართ. დღეს ვუყაროთ კანონპროექტებს კენჭი პირველი მოსმენით და შემდეგ დაველოდოთ სამართლებრივ დასკვნას,"- განაცხადა კობახიძემ.