საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებას მოლოდინი აქვს, რომ უახლოეს მომავალში არა ერთი და ორი, არამედ მეტი ოპოზიციური პარტია შევა პარლამენტში.
კითხვაზე, აქვს თუ არა ხელისუფლებას კომუნიკაცია რომელიმე მათგანთან, კობახიძე პასუხობს, "შეიძლება გვაქვს, შეიძლება არც გვაქვს."
"ჩვენ ყველა შემთხვევაში დარწმუნებული ვართ, რომ არა ორი და სამი, არამედ მეტი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ამის მტკიცების საშუალებას გვაძლევს ის ძალიან დიდი სივრცე მანევრირებისთვის, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას". რადიკალურ ოპოზიციას მანევრირების არავითარი სივრცე არ აქვს. მათ ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენეს საკუთარი თავი, რომ ახლა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის რჩებათ. მათთვის ცუდი არის შემოსვლა იმიტომ, რომ მაღლა აწიეს თამასა, ხოლო უარესი არის არშემოსვლა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.