ოპოზიცია უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სადამსჯელო ღონისძიებად აფასებს. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით ცოტა ხნის წინ მიიღო. ცვლილებათა პაკეტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პარტიებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდებათ, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კანონპროექტზე ახლა საუბარი შანტაჟად აღიქმება.
კანონპროექტს სადამსჯელო ღონისძიებად აფასებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიგი წერეთელი. მისი თქმით, ამ კონკრეტულ მომენტში, როდესაც ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე, ამ კანონპროექტზე მსჯელობა, შურისძიებად აღიქმება.
"პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, აღქმა არის ერთი, რომ ეს არის, პრაქტიკულად, სადამსჯელო ღონისძიება, ამ კონკრეტულ კონტექსტში, როდესაც ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე და ახლა დაიწყო საუბარი ამ ცვლილებებზე. თავისთავად, სისტემის მოდერნიზება შესაძლებელია, მაგრამ ეს შეიძლება იყოს დებატების საგანი ზოგადად. მაგრამ ახლა ყველასთვის ეს აღიქმება როგორც შურისძიების აქტი, ოპოზიციის იმ ნაწილის მიმართ, ვინც უარი განაცხადა არჩევნების შემდეგ დაეკავებინა ადგილი პარლამენტში,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.
პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი კანონპროექტს პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლად და შანტაჟად აფასებს.
"ზოგადად, რომ ყოფილიყო კანონი, როცა პარტიებს აღარ ექნებოდათ დაფინანსება ბიუჯეტიდან, მე მივიჩნევდი, რომ ეს იქნება სწორი კანონი, მაგრამ ამ რეალობაში, როცა მოლაპარაკება მიდის, ბუნებრივია, ეს აღქმული იქნება და ასეც არის, ჩემი აზრით, როგორც გარკვეული შანტაჟი და ზეწოლა პოლიტიკურ პარტიებზე. ამიტომ, მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი და სწორ დროს გადადგმული, თუ ამაზე გვინდა საუბარი, ალბათ, ჯერ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას, მივიღოთ ლეგიტიმური, სრულფასოვანი პარლამენტი და მერე იქ ვიმსჯელოთ. ჩვენ დაფინანსება არ აგვიღია, არც ვაპირებდით, არც ავიღებთ,“ - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ კანონპროექტი მათ პარტიას არ ეხება, რადგან "მოქალაქეებმა" თავიდანვე უარი ვთქვა პარტიების დაფინანსების მიღებაზე.
"ეს კანონპროექტი ჩვენზე არ აისახება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თავიდანვე უარი ვთქვით პარტიების დაფინანსების მიღებაზე. ჩვენ არ მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რომ მიგვეღო დაფინანსება. მაშინაც მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ თუ თვლი გაყალბებულად არჩევნებს, გაყალბებული არჩევნების ხმების სანაცვლოდ, ფულის მიღება არ არის სწორი. თუმცა სხვანაირი აზრი აქვთ ჩემს კოლეგებს ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებიც თვლიან, რომ ეს არ არის პრობლემა და შესაბამისად, მიმართეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. დღეს "ქართული ოცნება" სწორედ ამის გამო იყენებს მათ ამ მიმართვას მათზე ზეწოლის მექანიზმად, რაც არ მიმაჩნია სწორედ და ამ ნაწილში მათ მიმართ ვარ სოლიდარული,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.