"ქართული ოცნება" ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს უგზავნის იმ კანონპროექტებს, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება.
ინიციატივით უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე გამოვიდა. კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა მას შემდეგ გაიმართება, რაც ამ ინსტიტუციების პოზიცია გახდება ცნობილი.
პარტიებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდებათ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ამასთან, პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას. ეს კანონპროექტი ახალმა, მე-10 მოწვევის პარლამენტმა 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო, 83 ხმით.
ამასთან, კიდევ ერთი ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.