პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ოპოზიცია კითხვის ნიშნების გაღრმავებას ხელოვნურად, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ სურს "ოცნებას" კანონპროექტების ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირში გადაგზავნა.
"იმასთან დაკავშირებით, რაზეც ჩნდება კითხვის ნიშნები, გვირჩევნია გვქონდეს კომპეტენტური, საერთაშორისო დონეზე აღიარებული დასკვნა ხელში და ამის შემდეგ გავაგრძელოთ, რადგან კითხვის ნიშნები ჩნდება და ამ კითხვის ნიშნებს სპეკულაციურადაც აღრმავებენ დაინტერესებული პირები პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. თუ მართლაც, საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს სანქციონირება კონკრეტული ქმედებებისა, რაზეც ყველა თანხმდება, რომ არის ცუდი, არის ზედმეტი, ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ რეკომენდაციებს ყურადღებით გავეცნობით და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს უგზავნის იმ კანონპროექტებს, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება.