"დღის კურიერის" ეთერში პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ დაფინანსებას "გირჩი" არ იღებდა ამიტომ, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტის განხილვის დროებით შეჩერებით პარტიისთვის არაფერი შეცვლილა.
"ჩვენ დაფინანსებას მაინც არ ვიღებდით, ამიტომ ჩვენთვის ამით არაფერი იცვლება. ეს შეიძლება ერთგვარი მცდელობა იყოს (და თუ ასეა, სწორი მცდელობაა), რომ გამოვიყვანოთ ჩიხიდან ის მოლაპარაკებები, სადაც ჩვენ შევედით.
ეს ნაბიჯი არ იქნება საკმარისი, მაგრამ თუ ამ მოტივით არის გადადგმული, იმედია, ტენდენცია გაგრძელდება და ჩვენ გვექნება ის პირობები, რომ განვაგრძოთ მოლაპარაკებები,"-აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს უგზავნის იმ კანონპროექტებს, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება.
ინიციატივით უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე გამოვიდა. კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა მას შემდეგ გაიმართება, რაც ამ ინსტიტუციების პოზიცია გახდება ცნობილი.