სავაჭრო ობიექტების გახსნისა და გამოვლენილი დარღვევებთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა განცხადებები ხელისუფლების მხრიდან. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ დარღვევების შემთხვევაში ყველა იმ მაღაზიას, სადაც გამოვლინდება დარღვევები, მკაცრი რეაგირება მოხდება და მათ ფუნქციონირების საშუალება შეუჩერდებათ.
"ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, როდესაც ვაძლევთ ეკონომიკის ამა, თუ იმ სექტორს ამოსუნთქვის საშუალებას მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ეპიდემიოლოგიურ რისკებს ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს.
ძალიან მკაცრი რეგულაციების დაცვით გაიხსნა დღეს არასასურსათო სავაჭრო სექტორი. ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ძალიან მკაცრი კონტროლით მიმდინარეობს.
ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს დაუგროვდათ გარკვეული საჭიროებები და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გავითვალისწინეთ ეს და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
რამდენადაც მე ვიცი, ამ მომენტის მდგომარეობით, რაიმე ისეთი მსხვილი დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ადამიანები დისციპლინირებულად მოქმედებენ. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო სწორი და გამართლებული და არ მოგვიწევს შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება, თუმცა ამისთვისაც მზად ვართ, რომ თუ კი რომელიმე ობიექტი დაარღვევს დაწესებულ რეგულაციებს და ჩვენ დავინახეთ საფრთხე, რა თქმა უნდა, მაშინ შეუჩერდება მუშაობა," - განაცხადა ნათია თურნავამ.