17 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
"უპასუხისმგებლო ოპოზიციის გამო გვიწევს მხოლოდ ერთი პარტიის ფორმატში ოპონირება" - სამ საათზე მეტია დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს კითხვებით მიმართავენ

სამი საათია პარლამენტში პლენარული სხდომაზე მთავრობას უსმენენ. მმართველი გუნდის დეპუტატებმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა დღესვე უნდა გამოუცხადონ.

ახალ შემადგენლობაში მხოლოდ მცირე სიახლეა. პარლამენტში გადანაცვლების შემდეგ თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე მისმა მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ უნდა შეცვალოს.

დღევანდელ სესიაზე მთავრობის წევრობის კანდიდატებს დაუსვეს შეკითხვებიც. დეპუტატების შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა საგარეო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, მიწის რეფორმას. გარდა ამისა, მმართველი გუნდის დეპუტატებმა მინისტრობის კანდიდატებს კრიტიკული შეკითხვებითაც მიმართეს.

"იმ მოცემულობაში, როდესაც ჩვენ გარკვეული უპასუხისმგებლო ოპოზიციური პარტიების გამო გვიწევს მხოლოდ ერთი პარტიის ფორმატში ოპონირება, ვალდებულება გვაქვს რომ გაცილებით კრიტიკული ვიყოთ. კრიტიკის ნაწილში აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ მიწის რეფორმა არ მიმდინარეობს სათანადოდ. ვგულისხმობ იმას, რომ 2020 წელს შექმნილი მიწის სააგენტო, რომელსაც დოკუმენტური ბაზა უნდა მოეწესრიგებინა და მხოლოდ სამი დადგენილება უნდა მიგეღოთ მთავრობას, არცერთი არ არის შესრულებული," - მიმართა ნინო წილოსანმა მთავრობის წევრებს.

ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს შეკითხვა კი, შეეხებოდა მედიკამენტების მაღალ ფასს. სერგეენკოს თქმით, მოქალაქეები შემოსავლის 25%-ზე მეტს მედიკამენტებზე ხარჯავენ.

"აქ, დარბაზში ოპოზიცია რომ იჯდეს, აუცილებლად დაგისვამდათ ამ კითხვას, ამიტომ მე წავეშველები, ვიდრე ისინი არ არიან - აბაშიძე-კარასინის ფორმატს რა სარგებელი მოაქვს და ხომ არ ამოწურა ამ ფორმატმა საკუთარი თავი," - დაინტერესდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები